ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

ყოველწლიურად 2 აპრილს მსოფლიოში უტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება. მიმდინარე წელს ამ დღის აღნიშვნის ფარგლებში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ყურადღება გამახვილებულია პანდემიის პირობებში, მსოფლიოში მკაფიოდ გამოკვეთილ უთანასწორობაზე, რაც ნეგატიურად აისახა აუტიზმის მქონე პირებზეც.[1]

გაეროს გენერალური მდივნის 2021 წლის მიმართვაში ნათქვამია, რომ კოვიდის შემდგომი პერიოდის მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს უფრო მეტად ინკლუზიური და მისაწვდომი სამყაროს მშენებლობა, რომელშიც აღიარებული იქნება ყველა ადამიანის წვლილი. იმისათვის, რომ რეალურად შესრულდეს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი, მნიშვნელოვანია შშმ პირთა, მათ შორის აუტიზმის მქონე პირთა უფლებების რეალიზება, მათი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.[2]

კორონა ვირუსით გამოწვეული ვითარების ფონზე საქართველოში მცხოვრები აუტიზმის მქონე პირები არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. კიდევ უფრო მეტად გართულდა მათი უფლებების სათანადოდ განხორციელება.

სახელმწიფოს მიერ კვლავ არ ხდება ამ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებით უზრუნველყოფა. პრობლემურია ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებისა და სერვისების მისაწვდომობა, არაადაპტირებული სამედიცინო მომსახურებები. გამოწვევაა სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის სირთულე. არ ტარდება აუტიზმის მქონე პირთა და მათი ოჯახების სოციალური და ფსიქოლოგიური ხასიათის მხარდამჭერი ღონისძიებები.

ხარვეზებით მიმდინარეობს ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში აუტიზმის მქონე პირების ჩართვა. არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვის სისტემა. კვლავ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოების მხრიდან სტიგმა და არასწორი დამოკიდებულება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა მიმართოს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისკენ. დროულად გადაჭრას ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის სფეროში არსებული პრობლემები. შექმნას აუტიზმის მქონე ყველა პირისთვის მისაწვდომი თანამედროვე სერვისები და მომსახურებები. იზრუნოს მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა/განვითარებაზე. პოზიტიური ღონისძიებების გატარებით უზრუნველყოს აუტიზმის მქონე პირთა ოჯახების მხარდაჭერა.


[1] https://bit.ly/3ue8wy1

[2] https://bit.ly/2PbVRwM

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)