სახალხო დამცველის განცხადება ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში პრევენციული ღონისძიებების შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში შემთხვევათა მზარდ ტენდენციას და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი პირების ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე, გააძლიერონ რისკების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები და თვალი მიადევნონ შესაბამისი რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას.
მსოფლიო ტენდენცია აჩვენებს, რომ ახალი კორონა ვირუსისადმი მაღალი მოწყვლადობა ხანდაზმულ, ქრონიკული დაავადებების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გააჩნიათ. საყურადღებოა სახელმწიფო ზრუნვის, თავისუფლების შეზღუდვის და აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ პირთა მდგომარეობა, რადგან გარემო პირობების გამო ვირუსის გავრცელების რისკები ამ დაწესებულებებში მაღალია.
საქართველოს სახალხო დამცველი მუდმივ რეჟიმში, ვიზიტებითა და მონიტორინგის გზით აკვირდება სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის ახალი კორონა ვირუსის პრევენციის და მისგან დამცავი პროცედურების შესრულების მდგომარეობას.
მონიტორინგი აჩვენებს, რომ მეტი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული დაწესებულებებში პირთა მიმოსვლის, დამცავი საშუალებების გამოყენების და არსებული წესების კონტროლის მიმართულებით. ამასთან, მნიშვნელოვანია ინსტიტუციებში მცხოვრებ პირთა უწყვეტი ინფორმირება და კონსულტირება ახალი კორონა ვირუსის გავრცელების შესაძლო რისკების და პრევენციული ღონისძიებების თაობაზე, მათთვის მისაწვდომი ფორმით.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ბათუმში ხანდაზმულთა პანსიონატში კორონა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ და სხვა დაწესებულებებში პრევენციის, კონტროლის და მონიტორინგის ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობას.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სერვისის სხვა მიმწოდებლები ყველა ძალისხმევას გაწევენ საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად. ამასთან, მოუწოდებს საზოგადოებას, მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობას.