სახალხო დამცველის განცხადება 9 აპრილთან დაკავშირებით
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წლის თავზე მსოფლიო კვლავ რუსული არმიის სისასტიკის მომსწრეა... ისტორია მეორდება..
ზუსტად 33 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ უსასტიკესი მეთოდებით დაარბია მშვიდობიანი დემონსტრანტები და ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი არაერთი ახალგაზრდა მოგვიკლა. მათმა თავგანწირვამ, საზოგადოების ერთიანობამ, თავისუფლების იდეამ და გამძლეობამ მსოფლიოს დაანახა, რომ მზად ვიყავით თავი დაგვეხსნა საბჭოური ტოტალიტარიზმისგან და შეგვეძლო დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და დასავლურ ღირებულებებზე დამკვიდრებულ სახელმწიფოში გვეცხოვრა.
მომხდარი ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წელს მივიღეთ დამოუკიდებლობის აქტი, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოს რესპუბლიკა, ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები და კონვენციები.
დღეს, სახალხო დამცველის აპარატი სწორედ დამოუკიდებლობის აქტით დადასტურებული იმ უფლებების, თავისუფლებებისა და ამასთან ვალდებულებების ერთგულებას ზედამხედველობს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობის ფუნდამენტს წარმოადგენს.
მადლობა 9 აპრილის გმირებს სამშობლოსთვის რომელიც შეგვინარჩუნეთ, მადლობა თავისუფლებისთვის!