სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლები მოლდოვის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდნენ
2023 წლის 4 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის თანამშრომლები სოფიო რუსეცკი და გვანცა ხარატიშვილი საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ მოლდოვის რესპუბლიკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სასწავლო ვიზიტის მიზანს სახალხო დამცველის აპარატის, როგორც ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის, საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა წარმოადგენდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ფემიციდის მონიტორინგის მეთოდოლოგიასა და კვლევის მიმდინარეობის პროცესზე; გააცნეს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მუშაობის თემატური მიმართულებები და საქართველოში ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები განიხილეს.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პოლიციის, სოციალური დახმარების, ჯანდაცვის სამსახურების, სასამართლო მედიცინის, პროკურატურის, პრობაციისა და პენიტენციური სისტემის, განათლების, სახელმწიფო იურიდიული დახმარების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე, მოლდოვის რესპუბლიკაში შექმნილი ოჯახში ძალადობის შემთხვევების მონიტორინგისა და ანალიზის კომისიის წევრები არიან.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაიმართა. მოლდოვის დელეგაციის წევრებმა მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე მიიღეს ინფორმაცია და შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.