სახალხო დამცველი სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
2022 წლის 25 იანვარს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩთან.
ადამიანის უფლებათა კომისარს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. განიხილეს ასევე, მედია გარემო, თანასწორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მონიტორინგის აუცილებლობა.
ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა კომისრის მხრიდან უფლებადამცველთა და მედიის წარმომადგენელთა მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელთა მიმართაც ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა ზეწოლა და თავდასხმები.
საუბარი შეეხო ასევე სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმებას. სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს გააცნო საკონსტიტუციო სარჩელი რომლითაც ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.