სახალხო დამცველი საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე არსებულ სიტუაციას დადებითად აფასებს
საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს მარნეულში, რუსთავსა და მცხეთაში საკარანტინო რეჟიმისთვის მოწყობილი საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე არსებულ სიტუაციას. საკონტროლო-გამშვები პუნქტები, სადაც სიტუაციის გაკონტროლების მიზნით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად არიან მივლინებული, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 2020 წლის 14 აპრილს მოინახულეს.
სახალხო დამცველის რწმუნებულები გაესაუბრნენ სამხედროებს, გაეცნენ მათ სამუშაო პირობებს, ჯანმრთელობის დაცვის პროცედურებს. ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გარკვევის მიზნით, დაათვალიერეს საველე კარვები, სამედიცინო პუნქტი, საცხოვრებელი ადგილები. ასევე, შეისწავლეს სამხედრო მოსამსახურეთა მორიგეობის განრიგი, სამედიცინო შემოწმების ტიპი, სამედიცინო ინვენტარისა და დამცავი აღჭურვილობის მიწოდების და ჰიგიენური ნორმების დაცვის საკითხები.
სახალხო დამცველის რწმუნებულები განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდნენ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მივლინებული სამხედრო მოსამსახურეების მიერ, მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ პროცედურებს.
როგორც მონიტორინგმა აჩვენა, სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილი არიან საკმარისი დამცავი აღჭურვილობებით (პირბადეებით, ხელთათმანებით, ფარებით, ხალათებით), რომელთა უტილიზაციაც ყოველი მორიგეობის შემდეგ, სპეციალურად გამოყოფილ ურნებში ხდება. ყოველდღიურად, მორიგეობის დაწყების წინ და სამხედრო ნაწილში დაბრუნების შემდგომ, უტარდებათ თერმო-სკრინინგი. 24 საათის განმავლობაში, სამცვლიანი მორიგეობა სამხედრო მოსამსახურეებს საძინებელ კარავში დასვენების საშუალებას აძლევს. ცალკე გამოყოფილ სასადილო კარვებში ისინი უზრუნველყოფილი არიან სამჯერადი კვებით (მშრალი ულუფით). ადგილზე დამონტაჟებულია ბიო-ტუალეტები და ხელსაბანები. სამედიცინო და საცხოვრებელ კარვებთან დამონტაჟებულია სადეზინფექციო ხსნარების კონტეინერები. კარვები ყოველდღიურად სუფთავდება და სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ყველა არსებულ ინსტრუქციას ასრულებენ ზედმიწევნით და მათი მხრიდან მოქალაქეების მიმართ უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ აქვს.