სახალხო დამცველი სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობების საბჭოს წევრებს შეხვდა
2023 წლის 20 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობების საბჭოს წევრებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას თბილისსა და რეგიონებში მოქმედი ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრეებმა ეთნიკური უმცირესობების უფლებების და ინტეგრაციის კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემები და მიღწევები განიხილეს, ისაუბრეს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხებზე, ეთნიკურ უმცირესობათა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის აუცილებლობაზე, ქვეყნის განვითარების პროცესში ახალგაზრდა თაობის, მათ შორის, 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულთა რესურსის გამოყენებაზე. ხაზი გაუსვეს, კონფლიქტური რეგიონების, განსაკუთრებით, ცხინვალის რეგიონის ოსი ეროვნების მოსახლეობასთან სახალხო დიპლომატიის გამოყენებით ურთიერთობის წარმართვაზე.
სახალხო დამცველმა ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ურთიერთობა ინსტიტუციის მანდატის ფარგლებში უნდა წარიმართოს, რათა გარკვეული სასიკეთო შედეგების მიღწევა გახდეს შესაძლებელი.