ახალი ამბები

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს შრომის კანონმდებლობის ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გამართულ სხდომას ეხმიანება, სადაც „საქართველოს შრომის კოდექსში“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანულ კანონებში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს და პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს შრომის კანონმდებლობაში შესატან საკანონმდებლო ცვლილებებთან (N07-3/448/9, 27.04.2020) დაკავშირებით თავისი მოსაზრებები 2020 წლის 2 ივლისს წარუდგინა.

სახალხო დამცველი მხარდაჭერას უცხადებს კანონპროექტს და აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები მიმართულია შრომის კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებისკენ და აუმჯობესებს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას. ასევე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს არ გაჭიანურდეს კანონპროექტის განხილვა და საქართველოს პარლამენტმა დროულად დაუჭიროს მხარი შემოთავაზებულ ცვლილებებს. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ინიცირებულ კანონპროექტებში არ მოხდეს იმგვარი ცვლილებების შეტანა, რაც გააუარესებს წარმოდგენილ ვერსიაში ასახულ შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტებს.

ამასთან, სახალხო დამცველი კრიტიკულად გამოეხმაურა კანონპროექტის მიხედვით შრომის ინსპექციისთვის დისკრიმინაციის საქმეების განხილვის მანდატის შესაბამისი დათქმის გარეშე მინიჭებას და საქართველოს პარლამენტს, სახალხო დამცველის როგორც თანასწორობის ორგანოს მანდატთან დუბლირების გამოსარიცხად კონკრეტული შესწორების შეტანა შესთავაზა.

„ერთადერთი პროცესი, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატის და შრომის ინსპექციის ერთდროულ მუშაობაში ვხედავთ, არის შრომის ინსპექციის მიერ დასაქმების ადგილზე თანასწორობის მხრივ ზოგადი პოლიტიკის შეფასების მანდატი და სავარაუდო დისკრიმინაციის ინდივიდუალური შემთხვევის აღმოჩენის შემთხვევაში ფაქტის სახალხო დამცველთან რეფერირებაა“- აღნიშნულია სახალხო დამცველის მიმართვაში.

ცვლილებებით შემოთავაზებული მოდელი ახდენს დისკრიმინაციის საქმეების შემსწავლელი ორგანოების უფლებამოსილებების დუბლირებას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს თანასწორობასთან დაკავშირებით ურთიერთსაპირისპირო ეროვნული სტანდარტების დადგენის საფრთხეს. ამასთან, იმავე საკითხზე დამატებითი მექანიზმის შექმნა ადამიანური და ფინანსური რესურსის გაუმართლებელ ხარჯვას გამოიწვევს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)