ახალი ამბები

სახალხო დამცველი საჯარო მიმართვებში, მედიაში თუ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მასალებში ბავშვების ჩართვას ეხმაურება

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვების უსაფრთხოებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვა არის უმაღლესი ინტერესი, რომლის დაცვაც ყველა სახელმწიფო უწყების გარდა, საზოგადოების თითოეული წევრის პასუხისმგებლობაც არის, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის პროცესში.

საჯარო მიმართვებში, მედიაში თუ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მასალებში, რომელიც კონკრეტული ჯგუფის მიმართ აგრესიისა და მიუღებლობის დანერგვას ემსახურება, დაუშვებელია ბავშვების, თუ მათი მონაწილეობით თუნდაც საჯარო სიუჟეტების ამონარიდების, ჩართვა.

აღნიშნული ცალსახად ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებებსა და ინტერესებს. აღნიშნულმა, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბავშვების, როგორც ფიზიკურ, ასევე ემოციურ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას.

მოვუწოდებთ თითოეულ პასუხისმგებელ უწყებას, ინდივიდუალური შემთხვევისას, დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ.

ასევე, გარდა რეაქტიული რეაგირებისა, მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი კოორდინირებული რეაგირებით, ზოგადად, ქვეყანაში მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული და არაძალადობრივი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების, მგრძნობელობის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების გზით.

სახალხო დამცველი ჩართულია, როგორც ბავშვის ინდივიდუალური შესაძლო უფლებადარღვევის შემთხვევის შესწავლის, ასევე სისტემურ საკითხებზე მუშაობის პროცესში და ბავშვის უფლებების უპირატესი დაცვის მიზნით მიმართავს ყველა შესაძლო რეაგირების მექანიზმს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)