სახალხო დამცველი გუგუტიანთკარის მაცხოვრებლებს შეხვდა
2023 წლის 7 აგვისტოს, აგვისტოს ომიდან 15 წლისთავზე, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარს ეწვია, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
„15 წლის წინ რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა ჩვენ ქვეყანაში და 27 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე დევნილად აქცია. 15 წლის შემდეგ, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს დღესაც უწევთ ოკუპაციასთან გამკლავება, მათი ეზოები და ბაღები გაყოფილია მცოცავი ანექსიის გამო, დღესაც ხდება ჩვენი მოქალაქეების უკანონოდ გატაცება და დაპატიმრება.
გუგუტიანთკარში ბევრი დამწვარი სახლი დგას, რომლის კომპენსაციაც მაცხოვრებლებს 2008 წელს აქვთ აღებული. ჩემი აზრით, 2008 წელს გაცემული კომპენსაცია არ არის საკმარისი საბაბი იმისა, რომ დღეს ამდენი საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლი იდგას, ხოლო მათი მცხოვრებლები ყოფილი საჯარო სკოლის შენობას იყვნენ შეკედლებული.
სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ადამიანებს, რომლებიც არსებული სირთულეების მიუხედავად, აქ რჩებიან და აგრძელებენ ცხოვრებას. შეიძლება ვერ მოხერხდეს მათი სახლების აღდგენა და ვერც გაყოფილ სახლებსა და ეზოებში იგრძნონ თავი მშვიდად, მაგრამ სახელმწიფომ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რომ მათ ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას. ეს ადამიანები, ისედაც ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არიან მუდმივად და მაინც არ ტოვებენ თავის სოფელს, სახლებს, ამ ადგილს - ეს არის გმირობის ტოლფასი,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.