ახალი ამბები

სახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება.

2020 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატები დაავალდებულა, არ გაამჟღავნოს და გაახმაუროს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები და მონაცემები. პროკურატურამ ადვოკატებს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ. საგულისხმოა, რომ ადვოკატთა ნაწილმა აღნიშნულის გამო საქმეთა მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი პრინციპების - შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უგულებელყოფის ხარჯზე. არსებული მექანიზმი გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

ბრალდების წარდგენისას პროკურატურამ საზოგადოებას გააცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოძიებების ვერსია და აღნიშნულის შესაბამისი გრაფიკული რეკონსტრუქცია. ამ პირობებში ბუნებრივად, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად ისაუბროს საქმის მასალების შესახებ და საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ თავისი მოსაზრება და პოზიცია მიაწოდოს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან და იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა.

აქვე გვსურს მოვუწოდოთ ყველა მხარეს, მაქსიმალურად დაიცვან და პატივი სცენ სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში მონაწილე პირთა (მოწმეთა, დაზარალებულთა, ბრალდებულთა) უფლებებს. აღნიშნული მნიშვნელოვანი გარემოებაა ნებისმიერი გამოძიების ეფექტურად და ჯეროვნად წარმართვისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება