სახალხო დამცველი გენერალურ პროკურორს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდა და მომავალი თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ფორმატსა და კოორდინაციის მექანიზმებზე იმსჯელეს, ხაზი გაუსვეს სისხლის სამართლის პოლიტიკას, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკას, ქალთა მიმართ ძალადობასა და ფემიციდს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, პროკურორების სპეციალიზაციას და სხვა საკითხებს.
სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა და მის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები ხელშესახებ შედეგს მოიტანს ერთი მხრივ დაზარალებულთა, ხოლო მეორე მხრივ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და ელენე ღუდუშაური, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია.