სახალხო დამცველი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
2019 წლის 10 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დემოკრატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მეგან ფიცჯერალდს შეხვდა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ანგარიშს გაეცნო, სადაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის პროცესია შეფასებული და მრავალი ხარვეზია გამოვლენილი.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მონიტორინგის ადგილობრივი ოფიცერი ანა კაკალაშვილი.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას სწორედ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე აკვირდება.