ახალი ამბები

სახალხო დამცველი ახალქალაქში მოქმედ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და უფლებადამცველებს შეხვდა

2024 წლის 27 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ახალქალაქში მოქმედ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზე, მათ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. განიხილეს ასევე მუნიციპალიტეტში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მათ შორს, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების, ახალგაზრდების მიგრაციისა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხები. ხაზი გაუსვეს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანიების წარმოებისა და ეთნიკური უმცირესობების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის აუცილებლობას.

შეხვედრის მონაწილეებმა სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს.

ღონისძიება სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა. აღსანიშნავია რომ ზემოაღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს შეხვედრების ციკლის ნაწილს, რომელსაც სახალხო დამცველი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან რეგიონებში მართავს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)