საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება შეკრებების მართვასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებს ეხმიანება და შეკრებების მართვასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხს განმარტავს.
- მშვიდობიანი შეკრების და მანიფესტაციის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი.
- სამართალდამცავი ორგანოები უფლებამოსილების განხორციელებისას არ უნდა გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ უნდა შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში.
- ნებისმიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როცა იარსებებს ამის აუცილებლობა, პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.
- სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს და ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს გაფრთხილება.
- მნიშვნელოვანია შეკრებების დროს ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება.
ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს.
სახალხო დამცველის რწმუნებულები უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ აქციების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენენ შესაბამის რეაგირებას.