საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების თაობაზე
2020 წლის 30 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელები, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს შეეხებოდა.
უკიდურესად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა და არ გააუქმა ის ნორმა, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების წარდგენა მოხდეს საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად.
საკონსტიტუციო სამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოში მართლმსაჯულების გამჭირვალობისა და სასამართლოსადმი ნდობის უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან.
სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარდგენილ იქნა ყველა არგუმენტი, რომელიც შეეხებოდა სადავო ნორმატიული აქტების არაკონსტიტუციურობას. ჩვენი პოზიცია გამყარებული იყო ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დასკვნებით. მოპასუხე მხარეს სამწუხაროდ არ წარმოუდგენია რაიმე ჯეროვანი იურიდიული არგუმენტები, რომლებიც ნორმის კონსტიტუციურობაში დაარწმუნებდა პროცესზე ობიექტურ დამკვირვებელს.
გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 8 მოსამართლის შემადგენლობით. მოსამართლეთა ხმები გაიყო თანაბრად. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში გადამწყვეტი იყო მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილის ხმა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს, გაუმჭვირვალე პროცედურით სწორედ იმ მოსამართლეთა მიერ შეირჩა, რომლებიც სადავო ნორმების საფუძველზე გამწესდნენ უზენაეს სასამართლოში. ეს ფაქტორი განსაკუთრებით იმსახურებს ხაზგასმას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას და აჩენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების მოტივაციასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა შერჩევის წესი და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენები გაკრიტიკებული იყო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის და პარტნიორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების მიერ.
საქართველოს სახალხო დამცველი ადგილობრივ თუ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველა შესაძლო სამართლებრივი ფორმით განაგრძობს სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვისა და განმტკიცებისკენ მიმართულ საქმიანობებს.