საქართველოს სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
„ქვეყანაში არსებულმა პოლარიზაციამ და დაპირისპირებამ უაღრესად საშიშ ნიშნულს მიაღწია. საქართველო პატარა ქვეყანაა და ასეთ პირობებში დაპირისპირება სოციუმის ყველა რგოლში აღწევს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია, მაგრამ ასევე, განსაკუთრებული როლი აკისრია მედიას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების აზარის ფორმირებას. მედიამ უნდა გაავრცელოს ობიექტური და სიძულვილის ენისგან დაცლილი ინფორმაცია. ინდივიდუალურ დონეზე გამოხატვისას კი ჩვენი აზრი არ უნდა იყოს გაჟღენთილი სიძულვილის ენით, სხვისი დაკნინების და დამუნათების სურვილით. ჩვენ, ყველანი, მათ შორის საჯარო მოსამსახურეები, თანასწორნი ვართ კანონის წინაშე, ყველას გვაქვს აზრის გამოხატვის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ეს ფუნდამენტური უფლებები.
რაც შეეხება გუშინ მედიით გავრცელებულ კადრებს, სადაც პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიტიკური პარტიების და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები - საკითხის მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანებს, მიმდინარე გამოძიების პროცესი წარმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ზედმიწევნით დაიცვას თითოეული პირის საპროცესო უფლება და გარანტიები და მოახდინოს საზოგადოების დროული ინფორმირება.
ამასთან, მსურს საზოგადოებას ვაცნობო რომ სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტად განაგრძობს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული პირების მონახულებას. ამ დროისთვის უკვე 260 პირი ვნახეთ. სამწუხაროა, რომ მათგან 188 მოქალაქე პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ვიზიტები განახორციელეს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, ბაღდათში, ზესტაფონში, სამტრედიაში, მცხეთაში, ბაკურიანში, ხაშურში, გურჯაანში, სიღნაღში, საგარეჯოსა და დუშეთში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამოქალაქო კლინიკებში.
ჩემმა რწმუნებულებმა დაკავების პირველივე საათებში მოინახულეს ნიკა გვარამია, გელა ხასაია, ზურაბ დათუნაშვილი, ასევე სისხლის სამართის წესით დაკავებული 7 პირი.
ნიკა გვარამიას განცხადებით, იგი უკანონოდ დააკავეს. დაკავების პროცესში მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფატებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
დაკავებული გელა ხასაია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას ითხოვდა, რაზეც დაუყოვნებლივ შედგა კომუნიკაცია პოლიციის წარმომადგენლებთან და გამოძახებულ იქნა შესაბამისი სამედიცინო ეკიპაჟი.
არაერთხელ განვმარტე და აქაც გავიმეორებ - შემაშფოთებელია, ის მეთოდები რომელსაც სამართალდამცავები იყენებენ მოქალაქეების დაკავებისას.
საგანგაშოდ ბევრი დაკავებული მიუთითებს ცემასა და არასათანადო მოპყრობაზე, მათი მითითების მიღმა აღნიშნული მეთოდები ცხადად ჩანს მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ კადრებში.
ამასთან, ცალკე მინდა გამოვყო გუშინ დაკავებული ალეკო ელისაშვილის მიმართ, პოლიციელების მხრიდან დაკავებისას გამოყენებული არაპროპორციული ძალა. ჩვენ ის გუშინვე მოვინახულეთ. მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით, ამასთან იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებული ტრავმაზე. ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიების მონიტორინგს განახორციელებს სახალხო დამცველის აპარატი.
გუშინ ასევე, ყველამ ვიხილეთ მეტროს ამოსასვლელში აქციაზე მიმავალი მოქალაქეების უფლებებს დარღვევის ფაქტები.
მოვუწოდებ შინაგან საქმეთ სამინისტროს საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელების დროს მკაცრად იმოქმედონ დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა მასიური შემოწმებები.
და ბოლოს მინდა გამოვეხმაურო სკოლებში მიმდინარე პროცესებს.
როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კანონმდებლობით გარანტირებულია, როგორც შეკრების ისე მოსწავლეთათვის აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა ამავე დროს აკრძალულია სკოლების პოლიტიზირება, ისე როგორც მესამე პირების მიერ სასწავლო პროცესში ჩარევა. დაუშვებელია მშობლის ინფორმირების გარეშე მოსწავლის სკოლიდან გაშვება ან მოწოდება სკოლის დატოვების შესახებ. სკოლებში მიმდინარე მოვლენებს როგორც სახალხო დამცველი და როგორც მშობელი განსაკუთრებით ვაკვირდები და საზოგადოებას პერიოდულად გავუზიარებ.
და ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო ჟურნალისტებს და ოპერატორებს, რომლებიც ასეთ რთულ პირობებში აშუქებენ მიმდინარე მოვლენებს და მათ მშვიდობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ“.