საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისა და ძირითადი მიგნებების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ერთობლივი ორგანიზებით, 2022 წლის 11 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართეს შეხვედრა თემაზე: „საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი“.
შეხვედრას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დამსწრეებს გახსნითი სიტყვით საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენელმა ლელა ჯავახიშვილმა მიმართეს.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და საუბარი შეეხო სახალხო დამცველის 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშის ძირითად მიგნებებსა და სამართლის საბაკალავრო პროგრამებზე ადამიანის უფლებათა სამართლის სწავლების კუთხით არსებულ გამოწვევებს. ამასთან, ყურადღება გამახვილდა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატსა და საქმიანობის სპეციფიკაზეც.
საქართველოს სახალხო დამცველი მომავალშიც განაგრძობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეხვედრებს მისი საქმიანობისა და უფლებრივი მიგნებების პოპულარიზაციისა და სასწავლო პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.