საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღესთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმიანება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსენების დღეს, რომელიც 27 იანვარს, გაეროს ინიციატივით, 2005 წლიდან აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნას არ აქვს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა, რამდენადაც ის გვეხმარება გავიაზროთ, რა მასშტაბის ტრაგედია შეიძლება განაპირობოს ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა იდენტობით განპირობებულმა მიუღებლობამ და სიძულვილმა.
სამწუხაროდ, განსხვავებულის მიუღებლობა და ამის გამო ადამიანების გარიყვა და ჩაგვრა, მათ შორის, საქართველოში, არც დღევანდელობისთვის არის უცნობი. ამას სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებებიც მოწმობს, რომლითაც სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები დისკრიმინაციული საფუძვლით მათი უფლებების და თავისუფლებების დარღვევაზე მიუთითებენ. როგორც წესი, დისკრიმინაციას და განსხვავებულის გარიყვას საფუძვლად აბსტრაქტული შიშები და მავნე სტერეოტიპები უდევს. ამ მხრივ, აუცილებელია, სათანადოდ გავაცნობიეროთ, რომ თითოეული კულტურა სწორედ ადამიანების განსხვავებული ჯგუფებისგან შედგება და ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის მიღების გარეშე ცივილიზებულ და უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელია.
საგულისხმოა, რომ სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სისასტიკის საპასუხოდ ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სისტემა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ამ მსხვერპლის მასშტაბი, პატივი ვცეთ მას და ყველა ღონეს მივმართოთ, რომ თანამედროვე სამყაროში განსხვავებულისადმი მიუღებლობა რომელიმე ჯგუფის უფლებების დარღვევის საფუძველი არ გახდეს.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსნების დღის აღსანიშნავად სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, საქართველოს გაეროს ასოციაციის და ილიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდაჭერით, ღონისძიება გამართა. ღონისძიებაზე, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან შუბაშვილმა საქართველოში დისკრიმინაციის აკრძალვის მხრივ არსებულ გამოწვევებზე და თანასწორობის დაცვის პროცესში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიება ჩატარდა USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია ახორციელებს.