ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაზიარებისკენ

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსის მისაღებად დადგენილი პირობების შესრულებისკენ. სანამ სამუშაო რეფორმის ჯგუფის საქმიანობა არ არის დასრულებული, კვლავ არსებობს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმების განხორციელების შესაძლებლობა, რაც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული.

დაახლოებით 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი წინაპირობების შესრულების მიზნით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამ დროისათვის შედგა 4 შეხვედრა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, იგეგმება კიდევ ერთი შემაჯამებელი შეხვედრის გამართვა უახლოეს მომავალში. ჯგუფის ფარგლებში გასაწევი სამუშაო თავიდანვე ორი მიმართულებით განისაზღვრა: 1) საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა და 2) სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. ამ დროისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაასრულა მუშაობა სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე და აღნიშნული დოკუმენტის საბოლოო რედაქცია უკვე გამოქვეყნებულია პარლამენტის ვებგვერდზე.

სახალხო დამცველმა ჯგუფის ფარგლებში ორჯერ წარადგინა წერილობითი რეკომენდაციები, ხოლო მისი წარმომადგენლები თითოეულ შეხვედრაზე ასევე აქტიურად ერთვებოდნენ და ზეპირი ფორმით აფიქსირებდნენ და ასაბუთებდნენ მოსაზრებებს. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართული ხანგრძლივი დისკუსიების მიუხედავად, ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი, რომ გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში[1] ასახული ისეთი საკითხები, როგორებიცაა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მისი გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას; საქმეთა განაწილების სისტემის გაუმჯობესება და ამ პროცესში ზეგავლენების სრულად გამორიცხვა; კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა და სხვა. ასევე, ჩვენთვის არ არის ცნობილი, რომ გათვალისწინებულია ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებული ე.წ. „19 აპრილის შეთანხმებით“ გათვალისწინებული რეფორმების გატარება, კერძოდ, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევის დანერგვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, სასამართლო რეფორმის ტალღების ეფექტიანობის შეფასება და სხვა. ამ დრომდე, დადებითად არ არის გადაწყვეტილი ჩვენს მიერ დაყენებული საკითხებიც: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მიღება ორმაგი უმრავლესობის პრინციპით (მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის მხარდაჭერით); სასამართლოს (კოლეგიის, პალატის) თავმჯდომარეთა არჩევა ამავე სასამართლოს მოსამართლეების მიერ; 2021 წლის დეკემბრის ცვლილებების გაუქმება, რომლითაც უკიდურესად შესუსტდა მოსამართლეთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და სხვა. ასევე არ იქნა გათვალისწინებული ჩვენი მოთხოვნა სადავო საკითხების გარშემო საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის მხრიდან მიღებულიყო ვენეციის კომისიისა თუ ეუთო/ODIHR-ის მოსაზრების მოსმენის შემდეგ.

სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის გამოქვეყნებული ვერსიაში კი არ იქნა გათვალისწინებული ჩვენ მიერ წარდგენილი არც ერთი რეკომენდაცია, რომლებიც არ მოითხოვდა საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას: კერძოდ, ესენია:

  • მართლმსაჯულების სფეროში უკვე განხორციელებული რეფორმების აღსრულებაზე ზედამხედველობის საჭიროება;
  • მოსამართლეთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მიმართულებით არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს იმპლემენტაციის გაძლიერების საჭიროება;
  • საქმეთა ელექტრონული განაწილების წესში ცვლილებების საჭიროება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საერთო სასამართლოებში კოლეგიის სამივე წევრის შემთხვევითობის პრინციპის საფუძველზე არჩევა;
  • მოსამართლეთა თანაბარი, პროპორციული დატვირთულობის უზრუნველყოფის საჭიროება;
  • ეუთო/ODIHR-ის მიერ 2021 წლის აგვისტოში გაცემული რეკომენდაციების ნაწილის სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში გათვალისწინების საჭიროება;
  • დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის დეტალური წესისა და კრიტერიუმების გაწერის საჭიროება.

გარდა ამისა, ვუთითებდით, რომ მნიშვნელოვანი იყო სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი მიწოდებოდათ და მასზე აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მისცემოდათ საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, რაც ასევე არ მომხდარა.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ადგენს, რომ „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“ შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს ევალება შეასრულოს ის წინაპირობები, რაც ევროკავშირმა განსაზღვრა საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციები მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად.


[1] ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/opinion-georgias-application-membership-european-union_en >

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)