ახალი ამბები

ონლაინ კონფერენცია „სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების განხორციელება: მიღწეული შედეგები და გამოწვევები“

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), 2020 წლის 2 დეკემბერს შედგა ონლაინ კონფერენცია - „სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების განხორციელება: მიღწეული შედეგები და გამოწვევები“. ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

კონფერენციაზე სექსუალური შევიწროების რეგულირების პროცესში მიღწეული შედეგები და გამოწვევები განიხილეს, ასევე იმსჯელეს მოქმედი კანონმდებლობის ეფექტურობასა და მის პრაქტიკულ განხორციელებაზე. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების საქმეებში მტკიცების ტვირთსა და მტკიცებულებების სტანდარტზე, საჯარო სივრცის განმარტებაზე საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების საქმეებში, სტატისტიკაზე, პრაქტიკასა და არსებულ გამოწვევებზე.

„როდესაც სექსუალური შევიწროების შემთხვევების განხილვა დავიწყეთ, არ არსებობდა შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა და ვცდილობდით საქმეები საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ განვითარებული სტანდარტების საფუძველზე გამოგვეკვლია. გასულ წელს სექსუალური შევიწროება საკანონმდებლო დონეზე აიკრძალა, რამაც ხელი შეუწყო სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობის ზრდას. დღემდე სექსუალური შევიწროების 24 სავარაუდო ფაქტი გვაქვს განხილული, საიდანაც 11 ქალის მიმართ სექსუალური შევიწროება დავადგინეთ. საქმეების მრავალფეროვნება შესაძლებლობას გვაძლევს, დავნერგოთ ეროვნული სტანდარტები და განვავითაროთ საუკეთესო პრაქტიკა“, - განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე USAID-საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების დირექტორი ადამ შმიტი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნინო წილოსანი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი თამარ ონიანი, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი.

სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების რეგულირების მიზნით, 2019 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მნიშვნელოვნად გაფართოვდა სახალხო დამცველის უფლებამოსილება ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ეფექტიანად გამოყენების და გადაწყვეტილებათა აღსრულების მიმართულებით. კერძო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევების შესწავლასა და აღსრულებაზე პასუხისმგებელია საქართველოს სახალხო დამცველი, ხოლო საჯარო სივრცეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მიუხედავად ამ დადებითი ნაბიჯისა, ქვეყანაში კვლავ არ არის დამაკმაყოფილებელი მსხვერპლების მიერ რეაგირების მაჩვენებელი. ქალებს ისევ უჭირთ იმ სოციალური თუ ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვა, რაც ასეთ ფაქტებზე საუბარს ახლავს თან. ამასთან, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს მტკიცებულებების არარსებობა ან არასაკმარისობა. როგორც წესი, ასეთი შემთხვევები მსხვერპლსა და შემავიწროებელს შორის ხდება, მოწმეების თუ სხვა მტკიცებულებების გარეშე, რაც ბევრ ქალს აბრკოლებს, საკუთარი უფლების აღდგენისთვის იბრძოლოს.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)