ახალი ამბები

მსოფლიო დღე „თამბაქოს გარეშე“

31 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ მსოფლიო დღეს - „თამბაქოს გარეშე“, საქართველოს სახალხო დამცველს სურს კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი თამბაქოს ნაწარმის მავნე ზეგავლენასა და მისგან გამოწვეულ რიკებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა და ხელშესახებია აღნიშნული რეგულაციების შემოღებით გამოწვეული ცვლილებები, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანგარიშიდან[1] ჩანს, რომ ქვეყანაში დღემდე არსებობს არაერთი გამოწვევა თამბაქოს კონტროლის, განსაკუთრებით კი თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან არასრულწლოვანთა დაცვის მიმართულებით. საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ორგანო უახლოეს მომავალში იმსჯელებს ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში არასრულწლოვანთა თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვაზე.

სამწუხაროა, რომ გასული წლების მონაცემებით თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა უმეტესად საჯარო სექტორსა და სამედიცინო დაწესებულებებში დაფიქსირდა. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს უფლებამოსილ აღმასრულებელ ორგანოებს, სათანადოდ გააანალიზონ ის პრობლემური საკითხები რაც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანგარიშშია ასახული და მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ეფექტურად განახორციელონ თამბაქოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი.


[1] იხ. საქართველოს პარლამენტის 13.04.2021 წ. დადგენილება 455-IVმს-Xმპ https://matsne.gov.ge/ka/document/view/5148191?publication=0

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)