მშობლიური ენის საერთაშორისო დღე - საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობა
2024 წლის 21 თებერვალს, მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა საბჭომ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.
ღონისძიებაზე საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნების დაცვისა და განვითარების გამოწვევები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს, ისაუბრეს მცირერიცხოვანი ენების შესწავლის, კვლევისა და გავრცელების პრობლემატიკაზე, ეთნიკური უმცირესობების ენების სწავლების მდგომარეობასა და არსებულ პრაქტიკაზე.
„ჩვენ მრავალკულტურულ, მრავალეროვნულ, მრავალრელიგიურ და მრავალენოვან ქვეყანაში ვცხოვრობთ, სწორედ ეს მრავალფეროვნება აძლიერებს ჩვენ ქვეყანას,“ - განაცხადა თავის გამოსვლაში ლევან იოსელიანმა და აღნიშნა, რომ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილების მოქალაქეთათვის თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მშობლიური ენის დაცვა და გადარჩენაა.
სახალხო დამცველის აპარატი დიდ ყურადღებას ამახვილებს და აქტიურად მუშაობს იმდაგვარი პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად, რაც შექმნის სასურველ გარემოს მცირე ენების შენარჩუნებისთვის.
სახალხო დამცველმა ასევე, ხაზი გაუსვა სახელმწიფო ენის ცოდნის გაძლიერების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მცხოვრები ეროვნულო უმცირესობების ინტეგრაციას და ქვეყნის განვითარების ყველა ეტაპზე ჩართვას.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი ბაია კვიციანი.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიცესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა საბჭომ სხვადასხვა ენისა და ლიტერატურის გამორჩეული მასწავლებლები დააჯილდოვა.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ინიციატივით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია.