ლტოლვილთა საერთაშორისო დღე - 2023
20 ივნისს მსოფლიოში ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს იმ მოწყვლად პირებზე, რომლებიც რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების ნიადაგზე განხორციელებული დევნის გამო იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი ქვეყანა. აღნიშნული დღე, აგრეთვე წარმოადგენს ლტოლვილი პირების დევნით გამოწვეული მძიმე ხვედრის, ამავდროულად უცხო ქვეყანაში ცხოვრების აღდგენასთან დაკავშირებული სირთულეების გააზრების, მათ მიმართ თანაგრძნობის და ურთიერთგაგების ჩამოყალიბების შესაძლებლობას.
თავშესაფრის მოთხოვნის უფლება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს.[1] ადამიანებს, რომლებიც წარმოშობის ქვეყნიდან გამოექცნენ დევნას, არსებითად მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ შემოსვლისა და თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. უკანონო საზღვრის კვეთის შემთხვევაში, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დაცული უნდა იქნეს თავშესაფრის მაძიებლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების უფლებაც. გარდა ამისა, სახელმწიფო მიზანი უნდა იყოს ლტოლვილი პირებისთვის შექმნას სათანადო პირობები მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, ამ მიზნით აუცილებელია უცხო ქვეყანაში ცხოვრების აღდგენასა და თავის დამკვიდრებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხო ეფექტური სოციალურ-ეკონომიკური და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება.
ლტოლვილთა უფლებების საკითხს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ყოველწლიურანგარიშში სპეციალური ქვეთავი ეძღვნება, რომელშიც საუბარია იმ გამოწვევებსა და რეკომენდაციებზე, რომლებიც დასახელებულ საკითხზე სახალხო დამცველის საქმიანობის შედეგად იკვეთება.[2] ანგარიში შეეხება ლტოლვილთა ინტეგრაციის საკითხზეც. ამ კუთხით კვლავ გამოწვევად რჩება ქართული ენის სწავლების მეთოდებთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთათვის სოციალურ გასაცემლების არ არსებობა. სამწუხაროდ ამ დრომდე არ შემუშავებულა იმიგრანტთა ინტეგრაციის შესახებ „ერთიანი მიდგომის დოკუმენტი“, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ინტეგრაციის პროცესს. ასევე, აპარატი თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის შეფასების მიზნით, რეგულარულად ახორციელებს საჰაერო და სახმელეთო სასაზღვრო გამტარი პუნქტების მონიტორინგს.
სახალხო დამცველის აპარატი უერთდება მსოფლიოში ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას და იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ლტოლვილთა პრობლემების მოგვარების გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ხელშეწყობა, საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით აღიარებული ვალდებულებების გათვალისწინებით.
[1] „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენცია და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის კანონი.
[2] ხელმისაწვდომია ბმულზე: https://ombudsman.ge/geo/saparlamento-angarishebi (ბოლოს ნანახია: 14.06.2023).