კონფერენცია: სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმები - პროგრესი და გამოწვევები
2023 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმები - პროგრესი და გამოწვევები.
ღონისძიებაზე განიხილეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რეაგირების გამოწვევები, სამუშაო ადგილზე და უმაღლეს სასწავლებლებში სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების იმპლემენტაციის კარგი პრაქტიკის მაგალითები, გაცვალეს ინფორმაცია სარგებლის და გამოწვევების შესახებ.
თავის გამოსვლაში ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის მანდატზე და დისკრიმინაციის ფორმად სექსუალური შევიწროების დეფინიციის განსაზღვრის სიკეთეებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო გარანტიებისა თუ შიდა მექანიზმების შემუშავების დადებითი დინამიკის მიუხედავად, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. არის შემთხვევები, როცა დისკრიმინაციის მსხვერპლები, უარს ამბობენ უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებაზე, ერთი მხრივ, მტკიცებულებების შეგროვების პრობლემების და მეორე მხრივ საზოგადოებრივი წნეხის გამო. პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების გავრცელებაც, რაც აძლიერებს დისკრიმინაციულ განწყობებს და ხშირად, ქალთა წინააღმდეგ, პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ქალების გასაჩუმებლად გამოიყენება.
სახალხო დამცველმა თავის გამოსვლაში მოკლედ მიმოიხილა აპარატის მიერ შესწავლილი სექსუალური შევიწროების ფაქტები, მომზადებული რეკომენდაციები, გადაწყვეტილებები და გამოცემული სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები. ისაუბრა აპარატის მიერ მომზადებულ ელექტრონულ კურსზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით შემუშავებულ პრაქტიკულ სახელმძღვანელოზე, მთელი საქართველოს მასშტაბით სექსუალური შევიწროების საკითხებზე ჩატარებულ ათეულობით ტრენინგზე, საინფორმაციო შეხვედრასა და სემინარზე; ასევე, საინფორმაციო კამპანიებზე.
საგულისხმოა, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის პოზიტიურმა პრაქტიკამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა აამაღლა, რამაც მომართვიანობა გაზარდა.
კონფერენციაზე სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ანა კვაჭაძემ მოხსენება წარმოადგინა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის საკითხებზე.
ღონისძიების მონაწილე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორის და აკადემიის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების დანერგვის და აღსრულების და ამ მიზნის მისაღწევად შემდგომი ნაბიჯების განსასაზღვრად.
კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.