გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სახალხო დამცველის მიმართ თავისი მხარდაჭერა გამოხატა
2021 წლის 8 დეკემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას შეხვდა და თავისი მხარდაჭერა გამოხატა სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის აპარატის მიმართ. ელჩმა აღნიშნა, რომ იგი ყურადღებით ადევნებს თვალს სახალხო დამცველის შეფასებებს და ენდობა მის განცხადებებს, როგორც ობიექტურ საინფორმაციო წყაროს.
უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩო არაერთი აქტივობის ფარგლებში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და ელჩმა დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი მხარდაჭერა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას მხარეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები პირების უფლებებზე და მათის დაცვის უზრუნველსაყოფად სახალხო დამცველის და საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ, კი დიდი ბრიტანეთის როლზე იმსჯელეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.