ევროპის საბჭოს პროექტი „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“
2023 წლის 1 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სოციალური და ეკონომიკური უფლებების უწყვეტი ხელშეწყობის ფარგლებში მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს სოციალური ინტერესის გაძლიერებას ევროპის სოციალური ქარტიის დებულებებთან დაახლოების საშუალებით.
საჭიროებების შეფასებამ დასაქმებულთა უფლებების რეალიზაციასთან, ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ პროფესიულ საქმიანობაში სეგრეგაციასთან და გენდერულ სახელფასო სხვაობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოავლინა. ღონისძიებაზე ამ პრობლემების გამოსასწორებლად გრძელვადიანი თანამშრომლობის გზები და შემუშავებული პროექტები იქნა წარმოდგენილი.
მისასალმებელ სიტყვაში სახალხო დამცველმა ისაუბრა სოციალური უფლებების დაცვის ზედამხედველობაზე, როგორც სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე. აღნიშნა, რომ მიუხედავად ბოლო პერიოდში განხორციელებული დადებითი ცვლილებებისა, კვლავ არაერთი სისტემური გამოწვევა რჩება, რომელთა გადაჭრისთვის სახალხო დამცველი აგრძელებს აქტიურ მუშაობას და შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობას, ამზადებს რეკომენდაციებს და ევროპის საბჭოს სოციალურ უფლებათა კომიტეტში პერიოდულად წარადგენს ალტერნატიულ ანგარიშებს.
სახალხო დამცველმა სოციალური უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის და ამ კონტექსტში ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ , მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სოციალური უფლებების დაცვის მიზნით, ევროპის საბჭოს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება და ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომლობითა და ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს კანონმდებლობა ევროპის სოციალურ ქარტიასთან და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა.
სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ სოციალური უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. განსაკუთრებით კი ხაზი გაუსვა უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოში მუშაობის უფლების მიმართულებით ბოლო პერიოდში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმას, შრომის ინსპექციის შექმნას და მისი მანდატის გაძლიერებას. აღნიშნა, რომ არაერთი ცვლილებების მიუხედავად, გამოწვევას წარმოადგენს შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრობლემა, ასევე კერძო სექტორში დასაქმებული ქალების, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების დროს ანაზღაურებასთან შეუსაბამო კომპენსაციის გაცემის საკითხი.
თამარ გვარამაძემ ისაუბრა ასევე, უსახლკაროთა, ხანდაზმულთა, ბავშვთა სიღარიბის დაძლევისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობაზე.
ღონისძიება ევროპის სოციალური ქარტიისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.