ევროკომისიის პროგრეს-ანგარიში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ
2015 წლის 8 მაისს ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ მე-3 პროგრეს-ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ დროის მცირე მონაკვეთში ფუნდამენტური უფლებების სფეროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. პრეცედენტული სამართლის მეშვეობით, თანდათან ხორციელდება ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ეფექტური იმპლემენტაცია; ყალიბდება თანასწორობის უზრუნველყოფის სამართლებრივი ჩარჩო და მისი პრაქტიკაში იმპლემენტაციის ღონისძიებები; ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გადამწყვეტ როლს თამაშობს.
ევროკომისიის მითითებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის ცალკეული დებულებებისგან გადახვევა უნდა განხორციელდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვით და საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით. ევროკომისიის რეკომენდაციით, აუცილებელია თანასწორობის საკითხებში სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და საზოგადოების ცნობადობის გაზრდა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით შესაბამის პირთა სწავლება და საქართველოს სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებების გათვალისწინება.
2015 წლის 23-27 თებერვალს ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხიეს საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც ქვეყნის თანასწორობის ორგანოს უფლებამოსილება, საქართველოს სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის საქმიანობა და სამომავლო გეგმები, საქართველოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და პოლიტიკის იმპლემენტაციის ეფექტურობა, ანტიდისკრიმინაციულ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობა, ასევე თანასწორობის შესახებ სამოქალაქო ცნობიერების კამპანიების წარმოება.