დისკუსია აუტიზმის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მხარდამჭერი პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობაზე
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს აუტიზმის მქონე ადამიანებისთვის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სრული რეალიზაციის ხელშეწყობას. წლევანდელი 2 აპრილის თემაა: „გადარჩენიდან - განვითარებამდე,“ რაც აუტიზმის მქონე პირთა მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებიდან, საზოგადოებაში მათი სრული ინკლუზიისთვის მეტი ძალისხმევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
2024 წლის 2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასა და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე აუტიზმის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის საჭირო მხარდაჭერის მომსახურებების/პროგრამების ხელმისაწვდომობა და ეფექტიანობა განიხილეს. ისაუბრეს განხორციელებულ ღონისძიებებზე, კოორდინაციის უზრუნველყოფის საკითხებზე, ძირითად გამოწვევებზე, აუტიზმის მქონე ბავშვების განათლების პროცესში ჩართვაზე, ინკლუზიურ პოლიტიკასა და არსებულ რესურსებზე.
საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ აუტიზმის მქონე ბავშვების უფლებების და მათი კეთილდღეობის მიმართულებით არსებულ ძირითად გამოწვევებსა და ადვოკატირებისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველო გარკვეულ პროგრესს მიაღწია როგორც აუტიზმის მქონე პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლების, ისე საჭირო სერვისების ჩამოყალიბების, მათი ხილვადობის გაზრდის და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით.
„ყველა ეს მიღწევა უკავშირდება აუტიზმის მქონე ბავშვთა მშობლების ძალისხმევას, რომლებიც დაუღალავად მუშაობდნენ და აგრძელებენ მუშაობას აუტიზმის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა უფლებების დასაცავად.
თუმცა, მიუხედავად წინსვლისა, მნიშვნელოვანი პრობლემები იკვეთება რეაბილიტაციის მიმართულებით. კერძოდ, რეაბილიტაციის პროგრამები სრულად ვერ ფარავს ქვეყანაში მცხოვრებ შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა ბავშვს; ხოლო, ზრდასრულობის მიღწევის შემდეგ, პროგრამათა არარსებობის გამო, ისინი საჭირო რეაბილიტაციის გარეშე რჩებიან, ეს კი ხელს უწყობს მათ გარიყვას და აქარწყლებს ბავშვობის ასაკში, სერვისის შედეგად მიღებულ პროგრესს. სწორედ ამ საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე უნდა ვიმსჯელოთ,“ - განაცხადა ირინე ჩიხლაძემ და იმედი გამოთქვა, რომ დისკუსია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროცესის დაძვრას და სწორი, მიზნობრივი და აუტიზმის მქონე ყველა პირისთვის აუცილებელი სერვისების ჩამოყალიბებას.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი, აგრეთვე, თვითმმართველობების, ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, აუტიზმის მქონე ბავშვებმა და მათმა მშობლებმა.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.