ახალი ამბები

დევნილი ქალების მობილობის ბარიერები და მათი ზეგავლენა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერების თაობაზე კვლევის პრეზენტაცია

2022 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)/EPIC ორგანიზებით გაიმართა კვლევის პრეზენტაცია - „დევნილი ქალების მობილობის ბარიერები და მათი ზეგავლენა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე“.

საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ქალთა მობილობის პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საქართველოში პირველი კვლევა - „ქალები და მობილობა“ სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა 2021 წელს. სწორედ გასული წლის კვლევაში იდენტიფიცირებულმა პრობლემებმა შექმნა სხვადასხვა საჭიროების მქონე ქალებზე ყურადღების გამახვილების, მათ წინ მდგარი ბარიერების გამოკვეთისა და საერთო სურათის ჩამოყალიბების საფუძველი.

ამჯერად, კვლევაში გაანალიზებულია დევნილ ქალთა გადაადგილების ასპექტები და მობილობის ზეგავლენა მათ ეკონომიკურ აქტივობასა და გაძლიერებაზე.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ დევნილი ქალების უმრავლესობა მხოლოდ შინ შრომისა და ზრუნვასთან დაკავშირებული შრომის გამო გადაადგილდება. შესწავლილი 47 ობიექტიდან მხოლოდ წეროვანსა და ზემო ეწერში მცხოვრებმა დევნილმა ქალებმა დაასახელეს განათლება, როგორც სხვა ყოველდღიური მობილობის ერთ-ერთი მიზეზი. სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ ხედავს დევნილ ქალებს, როგორც განსაკუთრებული მოწყვლადობის მქონე ჯგუფს და დასაქმების მიმართულებით მათზეც განსაკუთრებულ აქცენტს არ აკეთებს.

კვლავ გამოწვევად რჩება ტრანსპორტის ფიზიკური და ფინანსური მისაწვდომობა, არათანმიმდევრული გრაფიკი, მიმართულებებისა და დაფარვის არეალი.

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს დევნილ ქალთა მობილობის საკითხზე მსჯელობის დაწყებას, ხოლო კვლევაში შესული რეკომენდაციები და მიგნებები მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება მომავალში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში.

შეხვედრაზე მისასალმებელო სიტყვით გამოვიდნენ ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის დირექტორი სანდრა შენკე და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი მხეიძე.

კვლევის ძირითადი მიგნებები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ექსპერტმა მარიამ ჯანიაშვილმა წარმოადგინა. შეხვედრას მოდერაცია GIZ/EPIC-ის გენდერისა და სოციალური ინკლუზიის ექსპერტმა ანა ილურიძემ გაუწია.

კვლევა საქართველოს სახალხო დამცველისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)