ბიულეტენი, პერიოდული გამოცემა – 2015 წლის აპრილი
2015 წლის 11 მაისს სახალხო დამცველმა აპრილის თვის საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა, სადაც აპარატის მუშაობის ერთი თვის ანგარიშია ასახული. ბიულეტენში შესულია სახალხო დამცველის მიერ აპრილის თვეში მომზადებული ანგარიშები, კვლევები, წერილობითი მოსაზრებები, რეკომენდაციები და წინადადებები ხელისუფლების ორგანოებისადმი.
ბიულეტენში მთავარ თემად წარმოდგენილია სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ვიზიტი, რომლის დროსაც განვლილი საქმიანობა, სამომავლო პრიორიტეტები და პერსპექტივები განიხილეს. შეიტყობთ სახალხო დამცველის გურიისა და აჭარის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე გამოკვეთილი სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემების შესახებ, რომელთა დაძლევაც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული, ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში არის შესაძლებელი.
იხილავთ ინფორმაციას ორი სპეციალური ანგარიშის შესახებ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე, სადაც მაღალმთიან რეგიონებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგების ანალიზია მოყვანილი; შეხვედრებს კონფლიქტით დაზარალებულ პირთა მდგომარეობის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის წევრებთან; ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისართან; ინფორმაციას საერთაშორისო ვიზიტების, გამართული ღონისძიებების, ტრადიციული საჯარო დებატების შესახებ, რომელიც აპრილში ანტიდისკრიმინაციული კანონის ხარვეზებსა და გამოწვევებს დაეთმო.
დოკუმენტში მოკლედ არის მიმოხილული სახალხო დამცველის ინიციატივა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების და შესაბამისად, მისი კონსტიტუციური კონტროლის არეალის გაფართოების შესახებ, რაც უკვე არსებული სისტემის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებაში მდგომარეობს.
შეიტყობთ სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების, ვაკანსიებისა და კონკურსების, ასევე ყველა იმ აქტივობის შესახებ, რომელსაც აპარატის ცალკეული სამსახურების თანამშრომლები ახორციელებენ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა თუ ამ სფეროში სამოქალაქო განათლების დონის ასამაღლებლად.