არასათანადო მოპყრობის საწინააღმდეგო ღონისძიებებში სახალხო დამცველის მოადგილისა და აპარატის თანამშრომლების მონაწილეობა
2018 წლის 28-29 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის ინსტიტუტისთვის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციების დაკისრების 10 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონფერენციის ფარგლებში სახალხო დამცველის მოადგილემ წარმოადგინა მოხსენება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შესახებ და უპასუხა კონფერენციის მონაწილეთა კითხვებს. კონფერენციის პარალელურად გაიმართა მრავალი ორმხრივი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის ომბუდსმენის ინსტიტუტებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
საქართველოდან ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია (რომელიც ასევე წამების საწინააღმდეგო ქვეკომიტეტის წევრია), აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი ეკა ხუციშვილი და სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მარიამ თავდგირიძე.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სახელით საჯაროდ ვაფიქსირებთ ჩვენს მხარდაჭერას სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველის ინსტიტუტის, განსაკუთრებით მათი პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიმართ და წარმატებას ვუსურვებთ სამომავლო საქმიანობაში.
სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის უფროსი ნიკა კვარაცხელია 2018 წლის 3-4 დეკემბერს იტალიის ქალაქ მილანში დაესწრნენ წამების საწინააღმდეგო ასოციაციისა (Association for the Prevention of Torture) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას, რომელიც შეეხებოდა მიგრანტთა განთავსების ადგილების მონიტორინგს. კონფერენციაზე განიხილეს ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოწვევები, საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება.
სამუშაო სესიების ფარგლებში სიღრმისეული მსჯელობა გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის წარმოადგინეს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიგნებები და გამოცდილება. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებში, ასევე წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტი, 26 ქვეყნის პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.