ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყოველი წლის 3 დეკემბერს, მსოფლიოს მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების ყველა სფეროში მათი თანასწორ პირობებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება.

ყოველწლიურად, 3 დეკემბერს მსოფლიო თანამეგობრობა ცდილობს კონკრეტულ მიზანზე კონცენტრირდეს, რაც შემდგომში შშმ პირთა უფლებების თანაბარ პირობებში დაცვასა და მათ საზოგადოებაში ინკლუზიას შეუწყობს ხელს. 2024 წელს ასეთ თემად „შშმ პირთა ლიდერობის გაძლიერება ინკლუზიური და მდგრადი მომავლისთვის“ იქნა დასახელებული. სახელმწიფოებმა განსაკუთრებული აქცენტი შშმ პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის გაძლიერებაზე, ცხოვრების ყველა სფეროში შშმ პირთა ინკლუზიის ხელშეწყობაზე, მათ შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და შშმ პირთა მიღწევებისა და როლის აღნიშვნასა და წარმოჩენაზე უნდა გააკეთონ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ უფლება გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან აქციებში და ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში თანასწორუფლებიანობის საფუძველზე. ეს უფლებები აუცილებელია ინკლუზიური საზოგადოების უზრუნველსაყოფად, სადაც მრავალფეროვნება დაფასებულია და თითოეული ადამიანის ხმა საერთო სიკეთის შექმნას ემსახურება.

სახალხო დამცველი გმობს 3 დეკემბერს, დილით თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილე ყრუ პირის ცემის ფაქტს და მოუწოდებს სახელმწიფოს უზრუნველყოს აზრის მშვიდობიანი გამოხატვის უფლების რეალიზება შშმ პირთათვის სხვებთან თანაბარ პირობებში და აქციის მონაწილეთა მიმართ დაგეგმილ თუ განხორციელებულ ყველა საპასუხო ზომაში გაითვალისწინოს ყველა ტიპის შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირებიდან 10 წლის შემდეგაც საქართველოში შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვების თანაბრად მონაწილეობა, წლების განმავლობაში მოუგვარებელი სისტემური პრობლემების გამო, კვლავ მიუღწეველია. კერძოდ, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მოქმედი ხარვეზიანი სამედიცინო მოდელი კვლავ ვერ ხედავს და შესაბამისად სახელმწიფოს ყურადღების მიღმა ტოვებს შესაბამისი საჭიროების მქონე უამრავ ადამიანს, რაც შეფასების ბიოფსიქოსოციალური მოდელის დროულად დანერგვის აუცილებლობაზე მიუთითებს. პრობლემად რჩება ქვეყანაში ფიზიკური გარემოს, მომსახურებების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობა. დღემდე არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა, არ არსებობს სტანდარტი შშმ პირთა წვდომის უზრუნველსაყოფად ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე, რაც ბუნებრივია ხელისშემშლელი ფაქტორია შშმ პირთათვის სხვა უფლებების სათანადო რეალიზების პროცესში.

პრაქტიკაში არსებულ მთავარ სისტემურ გამოწვევებს შორისაა ქვეყანაში ინკლუზიური განათლების სათანადო მისაწვდომობა განათლების ყველა საფეხურზე, დასაქმების უფლების სათანადო რეალიზება. პრობლემად რჩება დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ღონისძიებების სიმწირე და შშმ პირებისთვის აუცილებელი აბილიტაცია/რეაბილიტაციის სერვისების მიუწვდომლობა სერვისების გეოგრაფიული დაფარვის, არასაკმარისი დაფინანსების ან/და კვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფის კუთხით არსებული პრობლემების გამო. ზრდასრული შშმ პირები, მათ შორის აუტიზმის მქონე პირები, კვლავ მოკლებული არიან საჭირო რეაბილიტაციას. პრობლემურია შშმ პირთა სამედიცინო სერვისებზე წვდომა. კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც არსებული თერაპიული, ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, არ შეესაბამება ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში. შეფერხებით მიმდინარეობს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესი.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ ყველაზე ხშირად ხდებიან სტიგმის, უთანასწორო მოპყრობისა და სიძულვილის ენის სამიზნე, რაც ართულებს მათ სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში, აძლიერებს სოციალური უთანასწორობის პრობლემას და ხელს უშლის შშმ პირთა თანასწორობისკენ მიმართული პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას. შშმ პირთა მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შესამცირებლად სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები მინიმალურად ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.

გარდა ამისა, სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არსებითი მონაწილეობის მიმართულებით არსებულ სირთულეებზე.

შშმ პირთა საერთაშორისო დღის წლევანდელი თემის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პასუხისმგებელ უწყებებს გააერთიანონ ძალისხმევა შშმ პირთა წინაშე არსებული და წლების განმავლობაში მოუგვარებელი სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად, განსაკუთრებული ძალისხმევა გასწიონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ საზოგადოებისა და სამიზნე ჯგუფების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, ხელი შეუწყონ შშმ პირთა თანაბარი უფლებების დაცვას და საზოგადოებაში ინკლუზიას, შშმ პირთა როლისა და მიღწევების წარმოჩენას და საზოგადოებისთვის გაცნობას. ასევე, გააუმჯობესოს შშმ პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებითი მონაწილეობა და ამისთვის უზრუნველყოს საჭიროებისა შემთხვევაში ჩართულობის ახალი მექანიზმების შექმნა, ხოლო არსებული მექანიზმების გაძლიერება და პრაქტიკაში ეფექტიანი ამოქმედება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)