სახალხო დამცველის ოფიციალური შეხვედრები სტრასბურგში
22-24 მაისს სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შეხვედრები გამართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტში, სადაც დეპარტამენტის უფროსთან კლერ ოვისთან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კომუნიკაციები განიხილა.
ასევე გაიმართა შეხვედრები კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა გენერალურ დირექტორატის (DGI) ადამიანის უფლებათა დაცვის დირექტორთან კრისტოფ პუარელისთან და ევროპის საბჭოს პროგრამის კოორდინაციის დირექტორატის დირექტორთან კლაუს ნოიკირხთან.
შეხვედრებზე სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა, აპარატის მანდატზე და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიხედვით გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა აპარატის როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.