ახალი ამბები

უსახლკაროთა საერთაშორისო დღე

10 ოქტომბერს, ყოველწლიურად, უსახლკაროთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანი საზოგადოების განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფის, უსახლკარო პირების გამოწვევებზე ყურადღების გამახვილებაა.

ყველა ადამიანის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო, მშვიდობიანი და ღირსეული საცხოვრებელი პირობებით. საქართველოს სახალხო დამცველი წლებია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ამ უფლების რეალიზაციაზე ზედამხედველობას.

საქართველოში არაერთი გამოწვევა და პრობლემა გვაქვს უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობასთან დაკავშირებით. დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა, უსახლკარო პირთა სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. უსახლკარო პირად მიჩნევის მუნიციპალური კრიტერიუმები შეუსაბამობაშია სათანადო საცხოვრებლის უფლების საერთაშორისო სტანდარტებთან. ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ უსახლკარო პირთა საჭიროებებზე საპასუხოდ მიღებული ზომები არასრულფასოვანია და არსებული გამოწვევების მასშტაბებთან მიმართებაში შეუსაბამო. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში მობილიზებული თანხები, რომელიც, უმეტეს შემთხვევაში, ბინის ქირით დაკმაყოფილებას გულისხმობს, არასაკმარისია და სრულად ვერ ფარავს უსახლკარო პირთა ჯგუფებს, ხოლო ზოგ მუნიციპალიტეტში ასეთი მიზნობრივი პროგრამები საერთოდ არ არსებობს. ცენტრალური და ადგილობრივი მონაცემთა ბაზების არ არსებობა განაპირობებს საყოველთაო სოციალური პროგრამებიდან მათ გარიყულობას, მოწყვლად ფენაზე ზუსტი სურათის უქონლობას და გამოწვევებზე მორგებული ღონისძიებების დაგეგმვის შეუძლებლობას.

ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას წარუდგენს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 6 ქალაქის[1] უსახლკარო პირთა სოციალურ საცხოვრისებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს ეფუძნება. შემოწმების შედეგად განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობა გამოვლინდა[2] გორის, ოზურგეთის და ქუთაისის საცხოვრისებში. საცხოვრებლად გამოუსადეგარი შენობები, კანალიზაციის და დრენაჟის სისტემის ფუნქციონირება, დაბინძურებული ჰაერი შენობაში და სათანადო ვენტილაციის უქონლობა, განუწყვეტელი ხმაური და პრივატული გარემოს არარსებობა იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია რაც მონიტორინგის შედეგად იქნა გამოვლენილი.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება სოციალური უფლებების სამუშაო დღის წესრიგში პრიორიტეტულად დაიწყებს მუშაობას ქვეყანაში უსახლკარობის ყველა ფორმის ეტაპობრივი, შეუქცევადი და საბოლოო აღმოფხვრის მიმართულებით.


[1] თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი და რუსთავი.

[2] ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3SZsJEF (ბოლოს ნანახია: 07.10.2022წ.).

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)