საინფორმაციო შეხვედრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე
2022 წლის ივნისი-აგვისტოს თვეებში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ქვეყნის 22 მუნიციპალიტეტში 28 საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომლის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე.
შეხვედრებს ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ ბავშვების მშობლები და მათი ორგანიზაციების წარმომადგენლები, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრები; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეები, სახელმწიფო ზრუნვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოების ტერიტორიულ სამსახურებში დასაქმებული პირები, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მიმწოდებლები, ბაგა-ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალი, საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების - ამბულატორიული კლინიკების ექიმები (სულ 308 ადამიანი).
სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა შეხვედრების მონაწილეებს სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობის ფარგლებში იდენტიფიცირებული გამოწვევები გააცნეს. ასევე განიხილეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციითა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხები. მათ შორის, მისაწვდომობისა და ინკლუზიური განათლების რეალიზებასთან, ძალადობის იდენტიფიცირებასთან, ცენტრალურ/ადგილობრივ დონეზე მოქმედი პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემები, ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საბჭოების ფუნქციონირების თავისებურებები, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა ჩართულობის მნიშვნელობა და ამ კუთხით არსებული გარანტიები.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, შეხვედრები გაიმართა ყვარლის, ახმეტის, საგარეჯოს, ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქედას, ხულოს, შუახევის, ბათუმის, თეთრიწყაროს, წალკის, ამბროლაურის, ონის, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის, ყაზბეგისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.