10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა - 2022
უკვე 75 წელია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დამტკიცების შემდეგ, მსოფლიო ყოველი წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 75 წლის შემდეგ ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა გასაწევი, რათა ღირსება, თავისუფლება და სამართლიანობა ყველა ჩვენგანისათვის იყოს თანაბრად უზრუნველყოფილი და ხელმისაწვდომი. ტრადიციულად სახალხო დამცველიც აღნიშნავს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და განცხადებით საზოგადოებას შეახსენებს იმ ძირითად გამოწვევებს, რაც ჩვენი შეფასებით ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას აფერხებს.
2022 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა 17 ივნისს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ მომზადებული შეფასების დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს კონკრეტული 12 პუნქტიანი პირობა განესაზღვრა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად. აღნიშნულ პირობებს შორისაა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საკითხი. ამ მოთხოვნების შესასრულებლად პარლამენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონპროექტი შეიცავს გარკვეულ დადებით ცვლილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების არჩევის წესის დახვეწასთან, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა განწესებასთან და სასამართლო აქტების საჯაროობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, თუმცა, კვლავ მოუგვარებელი რჩება სასამართლოში არსებული ისეთი სისტემური პრობლემები, როგორიცაა იუსტიციის საბჭოში კონცენტრირებული ძალაუფლების განაწილების, გადაწყვეტილების მიღების პროცედურების შეცვლის, სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევა ამავე სასამართლოს მოსამართლეების მიერ და სხვა საკითხები რაზეც სახალხო დამცველი არაერთი ფორმით და ანგარიშში საუბრობს.
2022 წლის დასაწყისში, მიუხედავად ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი კრიტიკული შეფასებისა, საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით 4 დღეში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი ახალი უწყების შექმნით განხორციელებული რეფორმა სახალხო დამცველის მიერ შეფასდა როგორც დამოუკიდებელ ორგანოს საქმიანობაში ჩარევა. სამწუხაროდ ამ ცვლილებებს არ მოყოლია პერსონალური მონაცემების დაცვის უკეთესი სისტემის თუ ეფექტიანი გამოძიების წარმართვისთვის საკმარისი გარანტიების მქონე ახალი სუბიექტების შექმნა. ამის ნათელი მაგალითია, გასულ წელს გავრცელებული ფაილები, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველ, სავარაუდოდ, უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის შედეგად მოპოვებულ აქამდე უპრეცედენტო რაოდენობის მონაცემებს შეიცავდა, რამაც ნათლად გამოკვეთა ამ უფლების დაცვასა პასუხისმგებელი ძლიერი ინსტიტუტის არსებობის საჭიროება, რაც სამწუხაროდ განხორციელებული ცვლილებებით ვერ იქნა მიღწეული.
სამწუხაროდ, კვლავ გამოწვევად რჩება პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება. სახალხო დამცველი გენერალური პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას. თუმცა 2022 წელს პროკურატურის მიერ წარმოებული არაერთი საქმის გამოძიების პროცესშიც, გასული წლების მსგავსად, გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც არ შეესაბამება ეფექტიანი გამოძიების კრიტერიუმებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითი არაერთი საქმეა, თუმცა მაგალითისთვის საზოგადოებას 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტების საქმის გამოძიებას შევახსენებთ. 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე ჩატარებული გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებს ზედმიწევნითობისა და დროულობის კუთხით. რაც მაგალითად ზოგიერთ საქმეებში გამოიხატა ექსპერტიზის დაგვიანებით ჩატარებასა და ნივთიერი მტკიცებულებების დაგვიანებით მოპოვებაში და გახდა სასამართლოში რიგ ბრალდებულთა გამართლების მთავარი მიზეზი. ამასთანავე, პროკურატურამ არ გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება და არ წარუდგინა ბრალდება კონკრეტულ პირებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე 2 პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევს.
ასევე საგულისხმოა, რომ პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მხრიდან შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტზე სწრაფი, ობიექტური და ჯეროვანი რეაგირება კვლავ გამოწვევად რჩება.
საგულისხმოა ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საქმეები. სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი სააპელაციო განაჩენი არ არის დასაბუთებული, წარმოადგენს კორპორატიული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევას და საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივი გადაწონის მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქმეს, 2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანებით შექმნილი ექიმთა ჯგუფი განაგრძობდა მიხეილ სააკაშვილისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასებას. 2022 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნებული ექსპერტთა ჯგუფის პოზიციით, პაციენტის მდგომარეობა, 2022 წლის აპრილის შემდგომ, მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე. 2022 წლის 7 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც აღინიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობა აკმაყოფილებდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სასჯელის გადავადების მოთხოვნებს.
გასული წლების მსგავსად პრობლემურია სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლება აღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, ნორმატიული აქტით კვლავ არ არის მოწესრიგებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა სამხრე კამერებით და პოლიციის ავტომანქანაში ვიდეოგადაღების ვალდებულება და გონივრული ვადით მასალის შენახვა.
კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური იერარქია, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. ამ პრობლემის გავლენებზე ყურადღებაა გამახვილებული ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT)-ის საქართველოში ვიზიტის შემდგომ ანგარიშში, რომელიც 2022 წლის 16 ივნისს გამოქვეყნდა. ასევე ნიშანდობლივია პენიტენციური სისტემის ფარგლებში ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებასთან დაკავშირებული გამოწვევები. 2022 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, კვლავ შენარჩუნებული იყო პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით, ხანგრძლივად მოთავსების პრაქტიკა, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება.
მისასალმებელია, რომ 2022 წელს საქართველოს პრეზიდენტმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება და ცვლილებები შეიტანა „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულებაში, რომლის საფუძველზეც უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიერ შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების ვადა 20 წლიდან 15 წლამდე შემცირდა. ასევე მისასალმებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ახალი პატიმრობის კოდექსზე მუშაობის პროცესი და სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის გათვალისწინების პოზიტიური ტენდენცია.
თუმცა, სამწუხაროა, რომ, 2022 წელს, წინა წლების მსგავსად, კვლავ გადაუჭრელი იყო პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემები. ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე მუშაობენ ხშირად იდენტური მოცემულობების საქმეებში განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ, გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი კი შაბლონური, ფორმალური ხასიათისაა და არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას.
რაც შეეხება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, სახალხო დამცველი მიესალმა 2021 წელს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის საფუძველზეც ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტის მიმართ შეზღუდვის მეთოდის გამოყენებისას პაციენტის სამართლებრივი სტატუსის გადახედვის აუცილებლობა გაიწერა. თუმცა, სამწუხაროდ, კანონში შესული ცვლილებები პრაქტიკაში სრულად უგულებელყოფილია. კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია. პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ. ნორმატიულ დონეზე კვლავ არ არის განსაზღვრული სტაციონარში მოთავსებისა და მკურნალობისთვის ცალ-ცალკე ინფორმირებული თანხმობების მიღების ვალდებულება. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვლავ არ არის დანერგილი პაციენტის მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობის დოკუმენტირებისა და საგამოძიებო უწყებაში შეტყობინების გაგზავნის სამართლებრივი მექანიზმი.
ასევე საგულისხმოა, რომ კვლავ სახეზეა თავდაცვის სფეროში არსებული პრობლემები, მათ შორის, სისტემური პრობლემა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკით ვლინდება.
საანგარიშო პერიოდში, სამწუხაროდ, ასევე ადგილი ჰქონდა ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის კუთხით ხელშეშლის ფაქტებს, რაც ქმნიდა დამაშინებელ გარემოს და შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინასწარ გაცხადებული მშვიდობიანი აქციის ორგანიზება და ამ მიზნით, საინფორმაციო ბარათების გავრცელება სრულად დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით, რომლის სრულფასოვანი რეალიზების უზრუნველყოფა ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს.
ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისათვის შესაბამისი გარემოს უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ინფორმაციის თავისუფლების როგორც სრულყოფილი საკანონმდებლო მოწესრიგება, ასევე ამ ნორმების აღსრულება. სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ორივე პრობლემური საკითხია, რამეთუ კვლავ არ მომხდარა ინფორმაციის თავისუფლების ხარვეზიანი კანონმდებლობის ძირეული ცვლილებები და სამწუხაროდ საჯარო დაწესებულებების მხრიდან მოქმედი ნორმების შეუსრულებლობაც პრობლემას წარმოადგენს. ამ კუთხით, ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოიკვეთა ცალკეული სახელმწიფო უწყებების მიერ ორგანიზებულ ბრიფინგებსა თუ მუნიციპალურ ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების არდაშვების ან/და არმიწვევის ტენდენცია. 2022 წელს აღნიშნულის ნათელი მაგალითი იყო BM.GE-ს (ბიემჯის) მთავარი რედაქტორის თელარა გელანტიასთვის საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასწრების შეზღუდვის შემთხვევები. ცხადია მსგავსი მაგალითები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმსა და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებზე.
კოვიდ პანდემიით გამოწვეულმა მსოფლიო კრიზისმა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ეფექტურად დაცვის აუცილებლობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახადა. ამ ფონზე ჯანმრთელობის უფლების დაცვა საქართველოში ბევრი მიმართულებით ისევ პრობლემურია. კერძოდ კვლავ სახეზეა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები. როგორიცაა ძველი ინფრასტრუქტურა, სოფლის ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს შორის სუსტი კავშირები, ასევე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების დაფინანსების გართულებული და ფრაგმენტული სისტემა. მძიმე სამუშაო პირობები და დაბალი ხელფასი კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ სიტუაციას. მისასალმებელია სახელმწიფოს ინიციატივა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ექიმებისთვის და ექთნებისთვისდაწესდეს მინიმალური ანაზღაურება, თუმცა ნამდვილად არა საკმარისი. ამ ეტაპამდე მოქმედი სოციალური უზრუნველყოფის სისტემა სამწუხაროდ არ არის მიმართული სიღარიბის დაძლევისაკენ არამედ ძირითადად მიმართულია მხოლოდ მინიმალური საჭიროებების მყისიერ დაკმაყოფილებაზე.
საკვებზე უფლების რეალიზაციის კუთხით სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2022 ჩატარებული მონიტორინგი ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტებში ამ უფლების რეალიზაციის კუთხით ბევრი გამოწვევაა. ბევრ შემთხვევაში უფასო სასადილო განთავსებულია ადმინისტრაციულ ცენტრებში და ზოგიერთ შემთხვევაში ამ მომსახურების მისაღებად შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარებს დიდი მანძილზე - 8, 10, 15, 20 და ხანდახან 30 კილომეტრზე უწევთ გადაადგილება. მუნიციპალიტეტების ნაწილი, რომელსაც აქვს უფასო სასადილოს სერვისი, მწირი საბიუჯეტო დაფინანსების გამო საკვებით ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ბენეფიციარს.
ხანდაზმულები საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად რჩება, მათ უამრავ სირთულეებთან ერთად უწევთ გამკლავება. 2018 წლიდან არ არსებობს სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის დოკუმენტი მოსახლეობის დაბერების საკითხებზე. 2022 წელს აპარატის მიერ 4 ხანდაზმულთა რეზიდენტულ დაწესებულებაში ჩატარებულმა მონიტორინგმა კიდევ ერთხელ ცხადყო რომ არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ერთიანი რეგულირება, რომლის მიხედვითაც დადგინდებოდა როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ან ასეთი დაფინანსების გარეშე მოქმედი ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებისათვის ერთიანი სტანდარტები და მათ შესრულებაზე ეფექტური მონიტორინგის მექანიზმი. არ არსებობს ხანდაზმულთა ეკონომიკური აქტივობის წახალისების პროგრამები და რაც კიდევ უფრო საგანგაშოა ხანდაზმულთა მიმართ ძალადობა ყველაზე უფრო უხილავად რჩება.
სამწუხაროდ, წინა წლების მსგავსად, უსახლკარო პირები კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და სოციალურად გარიყულ ჯგუფს წარმოადგენენ საზოგადოებაში. სამწუხაროა, რომ კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. 2022 წელს 7 მუნიციპალიტეტში ჩატარებული 11 სოციალური საცხოვრისის მონიტორინგის შედეგად, გამოვლენილ იქნა უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობებში ცხოვრების არაერთი შემთხვევა, რაც გამოწვეულია სოციალური საცხოვრისის მოწყობის ერთიანი სტანდარტების არარსებობით.
თანასწორობის პრინციპების დაცვის მიმართულებით 2022 წელს არსებითი გაუმჯობესება არ შეიმჩნევა. კვლავ გამოწვევად რჩება ერთიანი სახელმწიფო ხედვის და პოლიტიკის არ არსებობა, რაც ხელს შეუწყობდა თანასწორუფლებიანობის მიღწევას ქვეყანაში. მაგალითისთვის, ადამიანის უფლებების 2022-2030 წლების სტრატეგიაში ლგბტ+ ადამიანები საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი. ნაკლებად ვხვდებით მაღალი თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების და საჯარო პირების მხრიდან თანასწორობის მხარდამჭერ განცხადებებს. სამწუხაროდ, ამის საპირისპიროდ, არაერთ დისკრიმინაციულ გამონათქვამის და მოწოდების მაგალითები ყოფილა. რაც შეეხება დადებით ტენდენციებს, მნიშვნელოვანია, რომ, სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად, სულ უფრო მეტი სახელმწიფო უწყება და კერძო ორგანიზაცია ნერგავს სექსუალური შევიწროების პრევენციის შიდა ორგანიზაციულ მექანიზმებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა თანასწორობის უფლებასთან მიმართებით შეაფასა მუნიციპალური ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები, მუნიციპალიტეტებმა მხედველობაში მიიღეს ჩვენი რეკომენდაციები და გაუმჯობესდა არსებული ვითარება.
გენდერული თანასწორობის კუთხით, გასული წლების მსგავსად, კვლავ პრობლემურია პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობის ხელშემწყობი პრაქტიკული ღონისძიებების გატარება, კანონმდებლობის დონეზე პრობლემად რჩება სექსუალური ძალადობის დეფინიციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, გაუპატიურების არსებული დეფინიციის ცვლილება და მასში თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის კომპონენტის განსაზღვრა. საგანგაშოა ბავშვობის ასაკში ქორწინების და ნიშნობის მაჩვენებელი. სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს არასრულწლოვან მშობლად 479 გოგო დარეგისტრირდა, 2021 წელს - 476, ხოლო 2022 წლის 6 თვის მონაცემით - 189.
გადაუჭრელი რჩება ისეთი სისტემური გამოწვევები, როგორებიც არის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე არაეფექტური რეაგირება, ძალადობის გამეორების რისკის არასათანადო შეფასება და პრევენციული ღონისძიებების არაეფექტიანობა, მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისების ნაკლებობა და გაუმართაობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 9 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე 6 520 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, ხოლო გამოძიება 3 064 შემთხვევაზე დაიწყო. საგანგაშოა ძალადობის უკიდურესი ფორმის, ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების მასშტაბი, რომელიც წლიდან წლამდე კლების ტენდენციით არ ხასიათდება. სახალხო დამცველის ხელთ არსებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის 10 თვის მონაცემით, ქალის მკვლელობის 18 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური დანაშაულის ნიშანი 11 შემთხვევაში გამოიკვეთა. ბევრად მაღალია მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი, სადაც 32 შემთხვევიდან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 26 ფაქტი იყო ჩადენილი. აღნიშნული სტატისტიკა მიუთითებს, რომ საჭიროა პრაქტიკაში ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე პრევენციისა და რეაგირების გაუმჯობესება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებების გაძლიერება და სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრება.
კვლავ არ აღმოფხვრილა ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული გამოწვევები. კვლავ პრობლემურია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული პრობლემები, საკონსულტაციო მექანიზმების ეფექტიანობა, სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების სიმწირე, ასევე, მედიის ხელმისაწვდომობა.
რელიგიის თავისუფლების მიმართულებით, სამწუხაროდ, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ უცვლელია რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების პრობლემური პრაქტიკა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობასა და მანდატთან დაკავშირებული ხარვეზები. სამწუხაროდ, გამოწვევად რჩება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხი. გამოწვევის სახით ასევე აღსანიშნავია რელიგიური აღმსარებლობის მქონე მსჯავრდებულთა რელიგიური საჭიროებები.
სამწუხაროდ 2022 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულია 321821 თვრამეტ წლამდე ასაკის ბავშვი, ხოლო ამავე ბაზაში იმ ოჯახების რაოდენობა, სადაც ფიქსირდება თვრამეტ წლამდე ასაკის ერთი ბავშვი მაინც 158235-ია. მისასალმებელია, რომ 2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების სოციალური დახმარება 150 ლარიდან 200 ლარამდე გაიზრდება. კვლავ პრობლემად რჩება განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის საკითხი და საგანმანათლებლო პროცესის მიტოვების შემთხვევაში მიზეზების დეტალური მოკვლევა და ოჯახებთან მუშაობა.
მისასალმებელია, რომ ქვეყანაში დაიწყო დიდი ზომის ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რაც სახალხო დამცველის წლების განმავლობაში განმეორებადი რეკომენდაცია იყო. 2022 წელს დაიწყო სოფელ ფერიის წმ. მატათა მოციქულის სახელობის ფონდის პანსიონს სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებად რეორგანიზაცია, კერძოდ კი, ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების, ხოლო, ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, ზრუნვის ოჯახთან მიახლოებულ გარემოში გადაყვანის ღონისძიებები მიმდინარეობს. ამ მხრივ ასევე საგულისხმოა ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაწყება, რასაც სახალხო დამცველი აქტიურად ადვოკატირებდა. მიუხედავად ამ პოზიტიური ცვლილებებისა ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებათა სისტემური დარღვევებსა და მათ მიმართ წლების განმავლობაში დამამცირებელი, არაადამიანური და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობაზე 2016 წელს დაწყებული გამოძიების პროცესი მნიშვნელოვანი და არსებითი ხარვეზებით მიმდინარეობს.
სამწუხაროდ, კვლავ პრობლემურია ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, რისთვისაც, სხვა ღონისძიებებთან ერთობლიობაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების კადრების დროულ გაზრდას. პრობლემურ საკითხებთან ერთად, უნდა აღინიშნოს პოზიტიური და მნიშვნელოვანი სიახლეც, კერძოდ, 2022 წელს ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ქალაქ თბილისში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა, რის საჭიროებაზეც სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მიუთითებდა.
გასული წლების მსგავსად, კვლავ გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მომხდარა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუტის განსაზღვრის სოციალურ მოდელზე გადასვლა, რომელიც, გარდა სამედიცინო ჩვენებისა, ყურადღებას გაამახვილებს პირის ფსიქოლოგიურ, სოციალურ ფაქტორებზე და მორგებული იქნება ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
კვლავ არ არსებობს შშმ პირთა შესახებ ვალიდური სტატისტიკა შესაძლებლობის შეზღუდვის მიხედვით, რაც ამ პირთა საჭიროებების განსაზღვრასა და ამ საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას შეუძლებელს ხდის. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ შექმნილა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეიnსტიტუციონალიზაციის სტრატეგია, არსებითად არ გაზრდილა სათემო სერვისების რაოდენობა და გეოგრაფიული დაფარვის არეალი. არ შემუშავებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა, რომლის შემუშავება შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული.
სამწუხაროდ, კვლავ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა. ასევე გრძელდება უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის აგვისტოდან ოკუპირებული ახალგორის მხრიდან ე.წ. გამშვები პუნქტი ყოველთვიურად 10 დღით იხსნება, 2019 წლის 4 სექტემბრიდან მისმა სრულად ჩაკეტვამ ამ ტერიტორიაზე დღემდე მწვავე მდგომარეობა და ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება გაუმართავი სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა. ასევე პრობლემურია მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა, რის გამოც ორივე რეგიონში ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა.
სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ ულოცავს ყველას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს და იმედოვნებს რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით იდენტიფიცირებულ პრობლემებზე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული რეაგირება უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების ეფექტურ და რეალურ დაცვას და ამ დღის ღირსეულ აღნიშვნას.