სახალხო დამცველი რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციის მონაწილეებს შეხვდა
2023 წლის 20 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეხვდა, რომლებიც სამინისტროს შიდა ტერიტორიაზე კარვების გაშლას ითხოვენ.
სახალხო დამცველის განცხადებით, შეკრებასა და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც მოიცავს კარვის განთავსების შესაძლებლობასაც, უნდა იყოს დაცული კანონის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში არ არის ცნობილი, რა არის აქციის მონაწილეთათვის სამინისტროს ეზოში კარვის განთავსების შეზღუდვის მიზანი, მათ შორის, აღნიშნული როგორ შეაფერხებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობას.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა აუცილებლად აისახება სახალხო დამცველის წლიურ საპარლამენტო ანგარიშში.
უნდა აღინიშნოს, რომ 18 ნოემბერს, როგორც კი პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა, სახალხო დამცველის აპარატმა იმავე დღეს მოინახულა დაკავებულები და დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა დაიწყო.
აქციის მთავარი მიზეზი არის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის ტყის მასივებით სარგებლობის 49-წლიანი ლიცენზია, რომლის გაუქმებასაც ითხოვენ აქციის მონაწილენი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამინისტრომ პირდაპირი დიალოგი უნდა გამართოს მოსახლეობასთან და თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არგუმენტირებული პასუხი გასცეს აქციის მონაწილეებსაც და სხვა დაინტერესებულ პირებსაც.
სახალხო დამცველი, როგორც გარემოს დაცვის უფლებაზე ზედამხედველი ორგანო, თვალყურს მიადევნებს ტყეების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.