საქართველოს სახალხო დამცველმა ამბროლაურსა და ონში შეხვედრები გამართა
2024 წლის 16-17 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი რაჭის რეგიონს ეწვია და შეხვედრები გამართა ამბროლაურსა და ონში.
სახალხო დამცველი ამბროლაურში მოქმედი სამოქალაქო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის შესახებ 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახულ საკითხებზე ისაუბრა; მოკლედ მიმოიხილა უფლებების თვალსაზრისით წლის განმავლობაში გამოკვეთილი გამოწვევები და მათი გადაჭრისთვის შესაბამისი უწყებებისთვის გაცემული რეკომენდაციები. შეხვედრის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასა და მოსახლეობის საჭიროებებთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს და არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრეს.
ამბროლაურსა და ონში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე სახალხო დამცველმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს და ახალგაზრდებს აპარატის მანდატი გააცნო, ისაუბრა ბავშვის უფლებებზე, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრის სამართლებრივ მექანიზმებზე, ბულინგზე და მის სავარაუდო შედეგებზე, ქალთა მიმართ ძალადობასა და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე. ასევე, ბავშვებს განუმარტა - თუ როგორ უნდა იქცეოდეს პოლიცია არასრულწლოვანთან ურთიერთობის დროს და რა უფლებებით სარგებლობენ ბავშვები, როდესაც მათ პოლიცია აჩერებს. აქვე მიუთითა, ვის უნდა მიმართონ, თუ ფიქრობენ, რომ მათი, ან სხვა რომელიმე ბავშვის უფლებები ირღვევა.
მოგვიანებით, სახალხო დამცველმა ონის სინაგოგა მოინახულა. 130 წლის წინ აშენებული ონის სინაგოგა, რომელიც მრევლის სიმცირის გამო რელიგიურ დატვირთვას აღარ ატარებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ებრაელი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად საუბარი სინაგოგის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საჭიროებებსაც შეეხო.