საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს წინაშე უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ალტერნატიული ანგარიში წარადგინა
2020 წლის 9 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წინაშე საქართველოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლისთვის ალტერნატიული ანგარიში წარადგინა.
ალტერნატიული ანგარიში მიმოიხილავს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს შემდეგი მიმართულებებით: სიცოცხლის უფლება, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, წამების, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენცია, გამოხატვის თავისუფლება, ბავშვის უფლებები, ადამიანის უფლებათა დამცველთა მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, სამართლიანი სასამართლოს უფლება და შეკრების თავისუფლება.
ანგარიშში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ისეთ პრობლემურ საკითხებზეც, რომელიც უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმის ფარგლებში 2015 წელს საქართველოსთვის გაცემულ რეკომენდაციებში არ ასახულა.
სახალხო დამცველმა ალტერნატიულ ანგარიშთან ერთად, დანართის სახით წარადგინა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში 2015 წელს საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, იმ 196 რეკომენდაციიდან, რომელიც 2015 წელს საქართველოს მთავრობის მიერ იქნა მხარდაჭერილი, სახალხო დამცველმა 169 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა შეაფასა.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ განიხილება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი 2010 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს აღნიშნულ ადამიანის უფლებათა მექანიზმთან, როგორც პერიოდული ანგარიშების წარდგენით ასევე, უშუალოდ ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიებში მონაწილეობით.