შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელის ცვლილება
განმცხადებელის მითითებით, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი განსაზღვრის შესახებ სამედიცინო კლინიკის მიერ გაცემულ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნაში, აღნიშნულია, რომ, როგორც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, იგი არის „შრომის უუნარო“.
2022 წლის 25 ოქტომბერს ზოგადი წინადადებით მივმართეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოვუწოდეთ მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელის ბიოფსიქოსოციალური მოდელით ჩანაცვლება. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამდგენმა დაწესებულებებმა, შეფასების პროცესში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინდივიდუალური საჭიროებები გაითვალისწინონ და სამედიცინო დოკუმენტებში ტერმინის „შრომის უუნარო“ გამოყენების პრაქტიკა აღმოფხვრან.
როგორც სამინისტროდან გვეცნობა, დაწყებულია მუშაობა ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმაზე. ამასთან, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულებების ინფორმირებულობისა და ექსპერტიზაში მონაწილე ექიმ-სპეციალისტების მიერ დისკრიმინაციული ტერმინების გამოყენების აღმოფხვრის მიზნით, ზოგადი წინადადება რეაგირებისთვის ექსპერტიზაში ჩართულ ყველა სამედიცინო დაწესებულებას გადაეგზავნა.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა თანასწორობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ანი სალდაძემ.