ქალი ფეხბურთელების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება
2021 წლის 21 დეკემბერს მივმართეთ ფეხბურთის ფედერაციას, ქალი ფეხბურთელების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების, ასევე შრომის უფლების დაცვის მიზნით, შემოიღოს რეგულაციები, რომელთა დარღვევისას გამოიყენებს მის ხელთ არსებულ სპორტულ სანქციებს. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს სახელმძღვანელო დოკუმენტები და გაატაროს სხვა ღონისძიებები. მოპასუხე დაეთანხმა რეკომენდაციის შესრულებას და გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით დაიწყო რეკომენდაციის შესრულება.
როგორც ფეხბურთის ფედერაციიდან გვეცნობა, გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით, თბილისში ჩაატარეს 4 ტრენინგი ქალებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. ტრენინგს ესწრებოდნენ ფედერაციის თანამშრომლები, ეროვნული ნაკრებების (ძირითადი, 19 წლამდე, 17 წლამდე) მწვრთნელები, მენეჯერები და ექიმები, ასევე 15 წლამდე გოგონების პროექტის We Play Strong-ის მწვრთნელები და ბავშვები.
მათი ცნობით, შემდეგი ტრენინგები ჩატარდება თელავში, ქუთაისსა და ბათუმში, სავარაუდოდ ივლისსა და სექტემბერში. ასევე, იგეგმება შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება.
აღნიშნულ საქმეზე იმუშავა თანასწორობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ნინო ქაშაკაშვილმა.