სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში სექსუალური შევიწროება დაადგინა
2020 წლის 13 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირს და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“, რომელიც სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ მესაკუთრე კომპანიაა.
რეკომენდაციის გაცემის საფუძველი გახდა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ ყოფილი თანამშრომლის განცხადება, რომლითაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სამსახურში მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასასურველ პირადი ხასიათის კითხვებს/კომენტარებს და დავალების მიცემას, რის შედეგადაც განმცხადებელს შეექმნა მტრული სამუშაო გარემო და იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამუშაო ადგილი.
საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სახალხო დამცველს წარმოეშვა სექსუალური შევიწროების განხორციელების ვარაუდი. ხოლო, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ წარმოშობილი ვარაუდი გაექარწყლებინა.
შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მოპასუხეს, რომ მომავალში, პროფესიულ თუ სხვა სახის ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, მათი ღირსებისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემო. ასევე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა „შერატონ მეტეხი პალასის“ მესაკუთრე კომპანიას - შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“, რათა მომავალში ეფექტიანად შეისწავლოს სამუშაო ადგილზე სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევები, იმგვარად, რომ კომპანიაში სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის მიზნით, არსებულ შიდა რეგულაციებს არ ჰქონდეს ფორმალური ხასიათი.