სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 7 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახალხო დამცველი N1700 კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც სადავო იყო საერთო სასამართლოების მოსამართლის მივლინების წესის, მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას პროცედურული გარანტიების არ არსებობის და მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხები. აღნიშნულ საქმეზე სახალხო დამცველთან ერთად მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდნენ საერთო სასამართლოს მოსამართლეები.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა გასაჩივრებული საკითხების ის ძირითადი ნაწილი, რომელიც მოსარჩელის პოზიციით, არღვევს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს და ფუნდამენტური მნიშვნელობა გააჩნია მართლმსაჯულების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის (გადაწყვეტილებას ერთვის მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი).

სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას, ჰიპოთეტურ და ზოგად საჭიროებებზე მითითებით, მოსამართლე მიავლინოს სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან საქალაქო სასამართლოში) მისი თანხმობის გარეშე, სამ წლამდე ვადით.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანხმობის გარეშე მოსამართლის მივლინების შესახებ გადაწყვეტილების მიღება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მსგავსი ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის მქონე ორგანოს მიერ, რომლის პირდაპირი კონსტიტუციური ვალდებულებაა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, მნიშვნელოვნად ამცირებს მითითებულ რისკებს. ამასთან, კანონმდებლობა შეიცავს სხვადასხვა გარანტიებს, რომლებიც თანხმობის გარეშე მივლინების ინსტიტუტის კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ ბოროტად გამოყენების რისკებს აზღვევენ. სასამართლოს განმარტებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რატომ მოხდა მივლინებისთვის კონკრეტული მოსამართლის შერჩევა, რამ განაპირობა მივლინებისთვის კონკრეტული ვადის განსაზღვრა ან/და რატომ გახდა საჭირო მოსამართლის მივლინება.

სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა მოსამართლის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონმდებელი არ ახდენს მოსამართლის პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლების სრულ აკრძალვას. მოსამართლეს კვლავაც რჩება თავისუფლება - გამოხატოს თავისი შეხედულებები, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება პოლიტიკას, თუ იგი დაიცავს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს ან/და აშკარად არ დაარღვევს მას.

სახალხო დამცველი ასევე სადავოდ ხდიდა ნორმებს, რომლებიც ერთი მხრივ, დაუშვებლად აცხადებდა მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში გასაჩივრების ვადის გაგრძელებას საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, ხოლო, მეორე მხრივ, უშვებდა საჩივრის განხილვას ზეპირი მოსმენის გარეშე ან/და მხარეთა დაუსწრებლად, მიუხედავად იმისა, შეფასების საგანი წარმოადგენდა ფორმალურ სამართლებრივ საკითხს თუ ფაქტობრივ გარემოებას. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ნაწილში დააკმაყოფილა სარჩელი და განმარტა, რომ მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ მოსამართლის საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების 10 დღიანი გასაჩივრების ვადის გაგრძელების ბლანკეტური აკრძალვა, რომელიც ვრცელდება, მათ შორის, მოსამართლის მიერ ამ ვადის საპატიო მიზეზით გაშვების შემთხვევებზე, არ ადგენს სამართლიან ბალანსს შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაა, რომ დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში, კანონმდებლობამ უზრუნველყოს საკითხის განხილვა ზეპირი მოსმენის გამართვითა და მხარეთა მონაწილეობით.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=17644

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)