სიახლეები

სპეციალური ანგარიში საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 1 ნოემბრის დადგენილებაში ასახული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა სპეციალური ანგარიში, რომელშიც მიმოხილულია „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ პარლამენტის 2023 წლის 1 ნოემბრის დადგენილებით სახელმწიფო უწყებებისთვის მიცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა. აღნიშნული დადგენილება გამოცემულია სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშის საფუძველზე.

სახალხო დამცველმა 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშით სხვადასხვა უწყებებსა და თანამდებობის პირებს ჯამში 281[1] რეკომენდაციით მიმართა. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული რეკომენდაციების დაახლოებით 85% გაიზიარა და მათი შესრულების უზრუნველსაყოფად 277 დავალება გასცა. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი 2023 წლის დადგენილებაში გაზრდილია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით (2022 წლის დადგენილებით პარლამენტმა სახალხო დამცველის რეკომენდაციების 82% გაიზიარა).

წარმოდგენილ ანგარიშში გაანალიზდა პარლამენტის მიერ გაცემული 258 დავალება.[2] აღნიშნულთაგან 20 დავალება არ ექვემდებარება შეფასებას პარლამენტის მიერ მისი შინაარსის არსებითი ცვლილების გამო. ასევე, სახელმწიფო უწყებების მიერ, საქართველოს პარლამენტისა და სახალხო დამცველის აპარატისთვის რელევანტური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო შეუძლებელია 24 საპარლამენტო დავალების შესრულების მდგომარეობის შეფასება. დამატებით, 1 დავალება არ ფასდება დუბლირების საფუძვლით.

პარლამენტის დადგენილებით გაცემული დავალებების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ დავალებების შესრულების მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა და, შესაბამისად, კვლავ არადამაკმაყოფილებელია :

  • დავალებების დაახლოებით 19 % სრულად შესრულებულია;
  • ნაწილობრივ შესრულდა 24 %;
  • შეუსრულებლად ფასდება 34 %.

პოზიტიურად უნდა აღინიშნოს, რომ გაგრძელებულია იმ რეკომენდაციების რაოდენობის კლების ტენდენცია, რომლებიც პარლამენტმა არ ასახა დადგენილებაში. კერძოდ, 2023 წლის 1 ნოემბრის დადგენილებაში პარლამენტმა არ ასახა 22 რეკომენდაცია, 2022 წლის დადგენილებაში ეს მაჩვენებელი 23, ხოლო 2021 წელს - 30 იყო. დასახელებული 22 რეკომენდაციის ჩამონათვალი შესაბამისი ადრესატებისა და საპარლამენტო თავის მითითებით თან ერთვის წარმოდგენილ სპეციალურ ანგარიშს დანართის სახით.

პარლამენტი, სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე, იღებს დადგენილებას. აღნიშნული აქტით პარლამენტი აფასებს სახალხო დამცველის ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ და ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად დავალებებს აძლევს სახელმწიფო უწყებებს. პარლამენტის მიერ დავალებების მიცემა საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ აქცევს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების იმპლემენტაციას. ამ მიზნით უწყებების მიერ პარლამენტის დავალებების შესრულების მონიტორინგს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ახორციელებს. სამწუხაროდ, კომიტეტში, გასული წლების მსგავსად, მიმდინარე წელსაც არ შედგა საკომიტეტო განხილვა პარლამენტის დადგენილებაში ასახული დავალებების შესრულების თაობაზე.[3]

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს - გააცნობიერონ საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მნიშვნელობა, ხოლო, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გააძლიეროს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მის ხელთ არსებული ყველა მაკონტროლებელი მექანიზმის პრაქტიკაში გამოყენება, რათა გაუმჯობესდეს პარლამენტის მიერ გაცემული დავალებების შესრულების მდგომარეობა.


[1] 1 რეკომენდაცია საპარლამენტო ანგარიშში დუბლირებულია ტექნიკური ხარვეზის გამო, ამიტომ წარმოდგენილ ანგარიშში მოხმობილი სტატისტიკური მონაცემები დათვლილია 280 და არა 281 რეკომენდაციასთან მიმართებით.

[2] პარლამენტმა დადგენილებით 277 დავალება გასცა, რაც მოიცავს, მათ შორის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალური ორგანოების მიმართ გაცემულ დავალებებს - ჯამში 19 დავალება. წარმოდგენილ ანგარიშში არ არის შეფასებული აღნიშნული 19 დავალების შესრულების მდგომარეობა.

[3] საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი შეისწავლის პარლამენტის დადგენილებაში ასახული დავალებების ადრესატი ორგანოების მიერ აღნიშნული დავალებების შესრულებას და მართავს საკომიტეტო განხილვას, სახალხო დამცველისა და მისი რეკომენდაციების ადრესატი ორგანოების მონაწილეობით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)