სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს ევროპული სასამართლოსა და გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს წარუდგინა ალტერნატიული ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

ალტერნატიული ანგარიში მიმოიხილავს საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის სახელმწიფოს მიერ მიღებულ ზოგად ღონისძიებებს შემდეგ საქმეებში: „ცინცაბაძის ჯგუფი“, „იდენტობის ჯგუფი“, „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „ამირიძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. გარდა ამისა, ანგარიშში შეფასებულია ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსასრულებლად განხორციელებული ზოგადი ღონისძიებები. დოკუმენტში გაანალიზებულია, თუ რამდენად საკმარისია ზემოაღნიშნული საქმეების აღსასრულებლად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.

ანგარიში ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, ლგბტ+ თემის შეკრების თავისუფლება და ფიზიკური უსაფრთხოება, თავისუფლებააღკვეთილი პირების მიერ ადვოკატთან კომუნიკაციისა და გასაჩივრების უფლებების გამოყენება, ბავშვთა საპროცესო წარმომადგენლობა და მონაწილეობა სასამართლო განხილვაში, ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის შემთხვევებზე მართლმსაჯულების განხორციელების ხარვეზები და ა.შ.

ალტერნატიულ ანგარიშში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ზემოხსენებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად დამატებით საჭირო ზოგადი ღონისძიებების შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)