სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში - 2020

2021 წლის 31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა. 486 გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

საპარლამენტო ანგარიშის პირველი თავი სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავს. 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 2015-2017 წლებში პატიმართა გარდაცვალების 17 შემთხვევა შეისწავლა. საქმის მასალები გაცნობის შედეგად დგინდება, რომ გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები ქონდათ, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში არ მკურნალობდნენ. სამწუხაროდ, გამოძიება მხოლოდ გარდაცვალების საბოლოო მიზეზებით ინტერესდებოდა და არ იკვლევდა უტარდებოდათ თუ არა, ან რატომ არ უტარდებოდათ პატიმრებს სიცოცხლეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

ისევე როგორც გასულ წელს, 2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირებისთვის ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების კვლევებსა და მკურნალობას. შედეგად, არასათანადო მკურნალობა და შესაბამისი რისკფაქტორების გაუთვალისწინებლობა პაციენტთა გარდაცვალებებს იწვევს.

საანგარიშო პერიოდში აღსანიშნავია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე წარმოებული გამოძიების ხარვეზები. სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების საწყის ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არასრულყოფილი იყო. ხარვეზების ნაწილი მოგვიანებით გამოძიებამ აღმოფხვრა, თუმცა, გამოიკვეთა პოლიციელთა მხრიდან საქმის მონაწილე პირების შესაძლო უფლების დარღვევის ფაქტები. ასევე საგულისხმოა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, სადაც გამოძიების მხრიდან პასუხგაუცემელი დარჩა მთელი რიგი საკითხები. რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს, საქმის ფარგლებში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმება კვლავ არ დასრულებულა.

2020 წელს სახალხო დამცველის აპარატში 154 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდნენ. განცხადებების მიხედვით, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ჩამდენი პირები 77 შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები იყვნენ, ხოლო 60 შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები. განცხადებები ასევე ეხებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პირობებსა და გამოძიების გაჭიანურებას.

სპეციალური მეთოდოლოგიის საფუძველზე ჩატარებული მონიტორინგით გამოვლინდა, რომ 2020 წელსაც შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეების (463 საეჭვო შემთხვევა) 34.3%-ში დაფიქსირდა დაკავებისას ან დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების ფაქტები. ეს მაჩვენებელი 2018 წელს - 26.8%, ხოლო 2019 წელს 31.8% იყო.

სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებულ საქმეებში არაერთი დაკავებული პირი მიუთითებდა პოლიციის ავტომანქანაში (გაჩერებულ მდგომარეობაში ან ტრანსპორტირებისას) პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, მათ შორის, ცემაზე. ავტომანქანაზე, როგორც სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ადგილზე, საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშშიც.

წინა წლების მსგავსად, პენიტენციური სისტემის უმთავრეს პრობლემას არაფორმალური მმართველობა წარმოადგენს, რომელიც დაწესებულებებში ძალადობრივ გარემოს ქმნის და პატიმართა დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას. 2020 წელს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ის საქმეები (2013-2020 წლებში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით) სადაც პატიმრები საგამოძიებო ორგანოებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ არაფორმალური კრიმინალური მმართველობის სქემის, ჩართული პირების, მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების (მუქარის, ცემის, გამოძალვის, ეკონომიკური დანაშაულების, მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებისა და სხვა) თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ როგორც პატიმრები, ასევე გამოკითხული მოწმეები, მათ შორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადასტურებდნენ მსგავსი სქემის არსებობას, საქართველოს პროკურატურის და პენიტენციური სამსახურის შიდა მონიტორინგის ორგანოებს აღნიშნულ საქმეებზე ეფექტიანი რეაგირება პირთა პასუხისგებაში მიცემის გზით არ მოუხდენია, ასევე, მრავალი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაუტარებელი დარჩა.

სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს პატიმართა (მათ შორის არასრულწლოვან ბრალდებულთა) დეესკალაციისა და სამარტოო საკნებში დიდი პერიოდით, ხშირად და დაუსაბუთებლად მოთავსების პრაქტიკას.

2020 წლის მონიტორინგმა კვლავ წარმოაჩინა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დროული და ხარისხიანი სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უზრუნველყოფა პრობლემურია. ასევე კვლავ გრძელდება პატიმრების სრული შემოწმების პრაქტიკა, რა დროსაც პატიმრის სხეულის ყველა ნაწილის ერთდროულად და არა ნაწილ-ნაწილ გაშიშვლება ხდება.

ფსიქიატრიული დაწესებულებებში 2020 წელსაც გამოვლინდა ძალადობის შემთხვევები, როგორც დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან პაციენტების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე თავად პაციენტთა შორის კონფლიქტებისა და ძალადობის ფაქტები. კვლავ პრობლემურია პაციენტების მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების გამოყენების ხშირი და მანკიერი პრაქტიკა. არასათანადო მოპყრობას უტოლდება ის საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება და უტარდებათ მკურნალობა.

კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება პროკურატურის მიერ. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ 2013-2019 წლებში პროკურატურაში გაგზავნილი 107 წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პასუხისგებაში მხოლოდ პოლიციის 3 თანამშრომელი მიეცა, დაზარალებულად მხოლოდ 1 პირი ცნეს. 2019 წლის 20 ივნისის გამოძიებასთან დაკავშირებით მდგომარეობა უცვლელია, სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების იდენტიფიცირებაზე და არ ახდენს მოვლენების სრულ სისტემატურ ანალიზსა და ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენას.

არასრულწლოვან ლუკა სირაძის საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ პასუხისგებაში მიეცა პოლიციის 1 თანამშრომელი, სახალხო დამცველის შეფასებით, საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება არსებობს, რომელიც შესაძლოა სხვა პირთა დამნაშავეობაზე მიუთითებდეს. საქმის მასალებით პირველ რიგში იკვეთება, რომ ერთ-ერთი პოლიციელი ცდილობდა მოწმეებზე ზემოქმედებას, რათა მათ ამ პოლიციელის სასარგებლო ჩვენება მიეცათ. ასევე ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ ჩვენება შეცვალა, მაშინ როცა პირველადი ჩვენებით სხვა პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხიც დგებოდა დღის წესრიგში. აღნიშნული გარემოებების შესწავლისა და გამოძიების დაწყების მიზნით სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას მიმართა, რომელმაც წინადადება არ გაიზიარა.

2020 წელს განსაკუთრებულად შემაშფოთებელი იყო თემურ აბაზოვის საქმე, რომელსაც ბრალი ედებოდა პირის არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებასა და ამ ქმედების ამსახველი კადრების საჯარო გავრცელების ორგანიზებაში. პროკურატურამ სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე წარდგენილი 2 მძიმე ბრალიდან ერთი (კადრების გავრცელების ორგანიზება) დაუსაბუთებელად მოხსნა, რითიც სასამართლოს წაართვა ერთ-ერთ დანაშაულზე მსჯელობის შესაძლებლობა და ფაქტობრივად ხელი შეუწყო გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების თავში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების პრაქტიკაა განხილული. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ყველა საერთაშორისო მექანიზმი სახელმწიფოებს მეტი პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა, 2020 წლის განმავლობაში პირობით ვადამდე გათავისუფლების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირდა. კერძოდ, 2019 წელს პირობით ვადამდე 1 279 მსჯავრდებული გათავისუფლდა, ხოლო 2020 წელს მხოლოდ 830. თუმცა, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით გაიზარდა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის სტატისტიკა.

სამართლიანი სასამართლოს უფლების თავში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსამართლეთა განწესებას, საქმეთა განაწილების ელექტრონულ პროგრამას, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლო სისტემაში არსებული ინსტიტუციური გამოწვევების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილი უკიდურესი დარღვევებისა და გაუმჭვირვალობის გათვალისწინებით, არსებული ვითარება სამომავლოდ გზას უხსნის დისკუსიებს სასამართლოს სისტემაში უფრო რადიკალურ ჩარევასთან დაკავშირებით.

პანდემიით ახალმა რეგულაციებმა გავლენა მოახდინა სასამართლო სისტემასა და მისით მოსარგებლე სუბიექტების უფლებრივ მდგომარეობაზე. კვლავ პრობლემური იყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა.

სამართლიანი სასამართლოს უფლების კონტექსტში მიმოხილული გვაქვს საქმეები, სადაც მართლმსაჯულების პროცესი არსებითი ხარვეზებით მიმდინარეობდა/მიმდინარეობს, მათ შორისაა ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე ჩატარებული გამოძიება, რომელიც უჩვეულოდ დიდი დროით გაჭიანურდა და შეუსაბამო კვალიფიკაციით წარიმართა, რამაც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალა და საბოლოოდ საქმის ფიგურანტი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენით დასრულდა; ანგარიშში შეფასებულია გიორგი რურუას დაცვის უფლების დარღვევისა და ნიკანორ მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტები. ასევე წარმოდგენილია ე.წ. „კარტოგრაფების საქმეში“ იდენტიფიცირებული ხარვეზები - კანონიერების პრინციპის ხელყოფის პრობლემა და მართლმსაჯულების პოლიტიკური ან სხვა მიზნებით გამოყენების რისკი.

საანგარიშო პერიოდში პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის სხვადასხვა შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის იყო საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე სამადაშვილის სავარაუდო უკანონო მიყურადების, აგრეთვე ტელეკომპანია „TV პირველის“ ჟურნალისტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის სავარაუდო მიყურადების შემთხვევები. მიუხედავად სახალხო დამცველის მოთხოვნისა, კონფიდენციალური საუბრებისა და ჩანაწერების გასაჯაროების შემთხვევებზე არ მიმდინარეობს ეფექტიანი გამოძიება, რასაც საბოლოოდ დამნაშავის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა უნდა მოჰყვეს.

დახურულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გარე სამყაროსთან ეფექტიანი კომუნიკაცია. პირადი ცხოვრების ჭრილში, სახალხო დამცველს არასაკმარისად მიაჩნია პანდემიის პერიოდში პატიმართა სასარგებლოდ დაწესებული საკომპენსაციო ღონისძიებები. უცხოელი პატიმრები ფაქტობრივად ვერ ახერხებენ ოჯახის წევრებთან ეფექტიან კომუნიკაციას. ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია პრობლემურია ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტებისთვისაც, რომლებსაც შეზღუდული აქვთ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა.

თანასწორობის უფლების დაცვის მიმართულებით, სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2020 წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს. ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა იქონია თანასწორობის უფლების ეფექტიან რეალიზებაზე. ყველაზე მეტი დაბრკოლება ქალებს, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ლგბტ+ თემის წევრებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექმნებოდათ. 2020 წელს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 113 ახალი შემთხვევა განიხილა, საიდანაც 18% სქესის/გენდერის, 9% კი შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას შეეხებოდა. 12% და 9% შეადგინა განსხვავებული მოსაზრების და პოლიტიკური შეხედულების გამო უთანასწორო მოპყრობასთან დაკავშირებით მომართვიანობის მაჩვენებელმა.

შრომითი ურთიერთობები დისკრიმინაციის მიმართ ამ საანგარიშო პერიოდშიც ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი სფერო იყო. დისკრიმინაციის ფაქტები გამოვლინდა ჟურნალისტების მიმართაც. გამოწვევად რჩება სექსუალური შევიწროება, რომელიც, ძირითადად, დასაქმების ადგილას და სამედიცინო მომსახურების მიღებისას ვლინდებოდა.

გენდერული თანასწორობის კუთხით მისასალმებელია, რომ 2020 წელს დაინერგა საპარლამენტო გენდერული კვოტირების მექანიზმი. კვლავ განსხვავდება სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებელი. საქართველოში ქალები, კაცებთან შედარებით, 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ არაანაზღაურებად საოჯახო საქმიანობას. პანდემიის პირობებში ქალებისთვის კიდევ უფრო დამძიმდა საოჯახო საქმეებზე გაწეული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი. არაერთი პრობლემა რჩება ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ეფექტიანი განხორციელების მხრივაც.

საანგარიშო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობებია (ფემიციდი). სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე ფემიციდის შემთხვევების რაოდენობა არათუ იკლებს, არამედ იზრდება. თუმცა 2019 წელთან შედარებით 2020 წელს არ გაზრდილა და შეიძლება ითქვას, შემცირდა ძალადობის ფაქტებზე შეტყობინებების მაჩვენებელი. აღნიშნული მიუთითებს, რომ პანდემიის პირობებში ქალები პირისპირ აღმოჩნდნენ მოძალადეებთან, რამაც გაზარდა ძალადობის რისკები, თუმცა შეამცირა შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა. საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2020 წელს 24 ქალის მკვლელობის ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 15 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, ქალის მკვლელობის მცდელობის 27 ფაქტიდან კი ოჯახური დანაშაულის ნიშანი 17 შემთხვევაში დაფიქსირდა. კვლავ არის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლის მიერ ძალადობის გაცხადების მიუხედავად, ფემიციდის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.

საანგარიშო წელს, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „გაუპატიურების“ ხარვეზიან ნორმაში (მუხლი 137) ცვლილებების შეტანას, რაც უარყოფითად უნდა შეფასდეს. ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით, დაბალია შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებელი და სერვისებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა.

უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის როგორც თავიდან არიდების, ისე კონკრეტული შემთხვევების ეფექტიანად მართვა. პანდემიის ფონზე, დისტანციური სწავლების რეჟიმში კიდევ უფრო გართულდა ამგვარი შემთხვევების გამოვლენა და სოციალური მუშაკების მხრიდან მათი დროულად შესწავლა. გაუმართავია შსს-ს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სოციალურ სამსახურს შორის კოორდინაცია და რეფერირების მექანიზმი.

მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა საკმაოდ პოლარიზებულია. ჟურნალისტების განსხვავებული აზრის და ხელმძღვანელთა მიმართ ღიად გამოხატული კრიტიკის გამო, აჭარის ტელევიზიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სახალხო დამცველმა ჟურნალისტების შრომითი უფლებების დარღვევად ან/და პირდაპირ დისკრიმინაციად შეაფასა.

გამოწვევად დარჩა პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, ჟურნალისტების მიმართ მათი საქმიანობის გამო ჩადენილი სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე სრულყოფილი სტატისტიკის არარსებობა, შეკრების ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მყოფი მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების საკითხი.

ბოლო წლებში, ეროვნულ დონეზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული საკანონმდებლო ინიციატივების სამწუხარო ტენდენცია გამოიკვეთა, რაც საანგარიშო პერიოდში, მაუწყებლის მიერ განთავსებული პროგრამების შინაარსის კონტროლმა ჩაანაცვლა. ამის მაგალითია მთავრი არხის მიმართ მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სახალხო დამცველის შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მთავარი არხის“ სამართალდამრღვევად ცნობა კანონმდებლობის არასათანადო განმარტების შედეგია, რასაც მსუსხავი ეფექტი აქვს მაუწყებლების მიერ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე.

გასულ წელს სხვადასხვა მასშტაბის მრავალი პოლიტიკური თუ სხვაგვარი შინაარსის შეკრებათა ნაწილის მიმდინარეობამ კვლავ მწვავედ წარმოაჩინა, რომ შეკრების თავისუფლების სრულფასოვნად რეალიზების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო არასათანადოდ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. 2020 წლის 8 ნოემბერს შეკრების მონაწილეების მიმართ კვლავ არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, როდესაც სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით სცადეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართული შეკრების დაშლა. ასევე, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებამდე შეკრების მონაწილეები არ გაუფრთხილებიათ. გასული წლების მსგავსად, სამართალდამცავები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციულ დაკავებას წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, უმეტესად ვერ პასუხობს აუცილებლობის მოთხოვნას და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახეს იღებს. შეკრების თავისუფლებით სარგებლობა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგა ახალი კორონავირუსის პანდემიისა და მისი გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ფონზე. ყურადღების საგანი იყო ასევე, შეკრების მონაწილეებისთვის გარკვეული ნივთებით სარგებლობის, მაგალითად, შეშის შეტანის აკრძალვა.

2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში ცალკე თავი აქვს დათმობილი ინფორმაციის თავისუფლებას. მედიის და უფლებადამცველების უფლებათა ერთგვარ გამოწვევად იქცა ასევე საჯარო ინფორმაციის პერსონალური მონაცემების შემცველობის საფუძვლით დახურვა და გასაჯაროების მიმართ არსებული საჯარო ინტერესების უგულებელყოფა. საქართველოში მოქმედი ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა ხარვეზიანია და საჭიროებს ძირეულ რეფორმას, რომელიც თითქმის 8 წლის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა. დამატებით, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ დროულად მოახდინოს „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენციის რატიფიცირება, რომელსაც საქართველომ კონვენციის მიღებისთანავე მოაწერა ხელი.

2020 წლის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება წარმოადგენდა. არჩევნები უკიდურესად დაძაბულ გარემოში ჩატარდა; დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტები. საჯარო წყაროებით ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა სუბიექტებს შორის დაპირისპირების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის, ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევების თაობაზე; ყოველივე ეს ნეგატიურად აისახა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების საჯარო ინტერესზე; საარჩევნო უფლების რეალიზაციაზე გავლენა მოახდინა ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამაც.

საყურადღებოა, რომ ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო სექტორმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიულ და თავისუფალ“ არჩევნებად შეაფასა. ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში და, საერთო ჯამში, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ორგანიზაციის შეფასებით, ეუთოს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვარი ხშირად ბუნდოვანი იყო, რაც, თავის მხრივ, ამცირებდა საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტისადმი საჯარო ნდობას.

არჩევნების შემდგომ, ხელისუფლებამ საარჩევნო რეფორმის ჩატარებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. სამუშაო ჯგუფში სახალხო დამცველის აპარატიც არის ჩართული. იმედი გვაქვს, საარჩევნო რეფორმა წარმატებით დასრულდება და კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან სრულად მისადაგებული ფორმით ჩამოყალიბდება.

კვლავ პრობლემური იყო ადამიანის უფლებათა დამცველებთან მიმართებით არსებული ვითარება - სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების, დაშინების სამწუხარო ტენდენცია, მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებების მიუღებელი პრაქტიკა, რაც მათ შორის, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან ვრცელდებოდა. აღსანიშნავია რადიკალური ჯგუფების თავდასხმები „თბილისი პრაიდის“ ოფისზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული კანონმდებლობა უფლებადამცველთა ცნებას არ განმარტავს, რაც წლების განმავლობაში აფერხებს მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების სრულფასოვან გამოვლენასა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას.

2020 წელი უმძმესი იყო კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ჯერ კიდევ კოვიდ 19-ის პანდემიამდე ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ე.წ. გამშვებ პუნქტზე სრულად შეზღუდა ადამიანების გადაადგილების თავისუფლება, რის გამოც უკვე 1 წელზე მეტია იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათანადო სამედიცინო სერვისის მიუღებლობის გამო გარდაიცვალა. ასევე, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის განმავლობაში, ადამიანების მცდელობას, გადაეცურათ ენგური და საოკუპაციო ხაზის შემოვლითი გზით ზუგდიდში მოხვედრილიყვნენ, 2 უბედური შემთხვევა მოჰყვა. ისევე, როგორც გასულ წლებში სახალხო დამცველი ამ თავში ყურადღებას ამახვილებს მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე, მათ შორის განხილულია ვაჟა გაფრინდაშვილის,გენადი ბესტაევის,ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, რამაზ ბეღელურის, მირიან თაზიაშვილის დახვიჩა მღებრიშვილის დაკავების შემთხვევები.

სავალალო მდგომარეობაშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობა და განათლების უფლების რეალიზება.

ჯანმრთელობის უფლების რეალიზაცების კუთხით 2020 წელს, მსგავსად ბევრი სხვა ქვეყნისა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. კერძოდ, კვლავ პრობლემა იყო პაციენტთა უფლებების დაცვის მექანიზმების არაეფექტიანობა, განსაკუთრებით საგულისხმო იყო 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის და მკურნალობის შემთხვევები და ცალკეულ შემთხვევაში პაციენტების გარდაცვალება. სამწუხაროდ, ამ საქმეების შესწავლა და გატარებული ღონისძიებებისა და შესაბამისი შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირება დღემდე არ მომხდარა. უმძიმესი იყო სამედიცინო პერსონალის უფლებრივი მდგომარეობა. 2019 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, დამხმარე სამედიცინო პერსონალი 40 საათზე მეტს მუშაობს და მათი 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია, ხოლო 100% არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში. გატარებული რიგი ღონისძიებების მიუხედავად, მოსახლეობას კვლავ ნაკლებად მიუწვდება ხელი იაფფასიან მედიკამენტებზე და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ფასები 9.7 პროცენტით არის გაზრდილი.

2020 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო შრომის კანონმდებლობის რეფორმა და შრომის ინსპექციისთვის შრომითი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის სრული მანდატის მინიჭება. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდგომ სამუშაო ადგილზე დაღუპულ პირთა რაოდენობის მაჩვენებელი იკლებს, თუმცა, დაღუპულთა რაოდენობა კვლავ საგანგაშოდ მაღალია. კერძოდ 2018 წელს სამუშაო ადგილზე გარდაცვალების - 59, 2019 წელს - 45, ხოლო 2020 წელს - 39 შემთხვევა დაფიქსირდა. შრომის ინსპექციის მონაცემების გაანალიზება ცხადყოფს, რომ დამსაქმებლები დასაქმებულთა და სხვა პირთა შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სათანადოდ არ მიმართავენ პრევენციულ ღონისძიებებს, ამიტომ, მოსალოდნელი საფრთხეების მაქსიმალურად შესამცირებლად, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურს შრომითი უსაფრთხოების კუთხით კიდევ უფრო ინტენსიურად მართებს ინსპექტირების ჩატარება.

სოციალური უზრუნველყოფის უფლების დაცვის მიმართულებით მთავარ გამოწვევას „მიზნობრივი სოციალური დახმარების“ პროგრამის ეფექტიანობის შესწავლა, სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება წარმოადგენდა. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობით წინა წელთან შედარებით თითქმის 100 000 ადამიანით მეტი სარგებლობდა. შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა პროცენტული წილი მთელი მოსახლეობის 11.5%-დან 14.1% მდე გაიზარდა. ასევე, 83875-ით მეტ პირს სურს პროგრამაში ჩართვა, თუმცა მათგან მხოლოდ 51% სარგებლობს მიზნობრივი სოციალური დახმარებით. სამწუხაროდ, კვლავ გადაუჭრელია საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცესის დროში გაჭიანურების საკითხი. კერძოდ, ოჯახის მიერ განცხადებით მიმართვიდან სისტემაში მოხვედრისა და საბოლოოდ შემწეობის ჩარიცხვამდე პერიოდი 3-4 თვემდე მერყეობს. სათანადო კვების უფლების რეალიზებასა და უფასო სასადილოებზე ხელმისაწვდომობის მხრივ სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ აქვს შესწავლილი თავის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების და ოჯახების საკვებზე ხელმისაწვდომობის საჭიროებები, კვლავ გადაუჭრელია უფასო სასადილოთი სარგებლობის კუთხით არსებული გამოწვევები.

სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს არ აქვს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი და რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივ მონაცემთა ბაზები, შეზღუდულია საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურული რესურსები, თავშესაფრებსა და სოციალურ საცხოვრისებში მოთავსებული პირებისთვის არ არსებობს მხარდამჭერი პროგრამები.

გარემოს დაცვის უფლების მიმართულებით, საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა. განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთა: ენერგეტიკულ პოლიტიკა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის საკანონმდებლო და აღსრულების ხარვეზები, ადამიანის უფლებების უგულებელყოფა ქალაქთმშენებლობისას, გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენცია-აღმოფხვრისათვის სათანადო გარანტიების არარსებობა, სახიფათო ნარჩენების მართვის პრობლემები და ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის ეფექტიანი გარანტიები. ამასთან, არაერთი პოზიტიური ღონისძიების მიუხედავად, კვლავ ხარვეზიანია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა და არ იძლევა დაბინძურების სრულფასოვან სურათს; დაურეგულირებელია სამრეწველო სექტორიდან მომავალი დაბინძურების საკითხიც.

საანგარიშო წელს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი. მოსახლეობის, სპეციალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთებისა და უწყვეტი პროტესტის საგანს უმთავრესად, პროექტის განხორიცელების შემთხვევაში გეოლოგიური და სეისმური რისკები, მეწყრულ ზონებთან დაკავშირებული საფრთხეები, მოსალოდნელი მიკროკლიმატური ცვლილებები წარმოადგენს, რაც საერთო ჯამში, საზოგადოებაში ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მოლოდინს აჩენს. გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პროქტის ეკონომიკურ-ენერგეტიკული სარგებლიანობაც. ამასთან, პრობლემურად წარიმართა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, რამაც პროექტისადმი საზოგადოების უნდობლობა კიდევ უფრო მეტად გააღრმავა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არასაკმარისი და არაეფექტიანი საკანონმდებლო რეგულირება და ასევე კონსერვაცია-რეაბილიტაციის არასათანადო პროცესი გახდა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - გელათის უნიკალური ფრესკებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ერთ-ერთი მიზეზი. სახალხო დამცველის მიერ საკითხის შესწავლამ გამოავლინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, არ ყოფილა სათანადოდ დასაბუთებული გადახურვისას კონკრეტული მეთოდოლოგიის გამოყენების უპირატესობა და საჭიროებები. ამასთან, ნებართვის გაცემის ეტაპზე არ შეუმოწმებიათ გამოსაყენებელი მასალა. გელათთან ერთად, საგულისხმოა სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაც, 2020 წლის ბოლოს, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ICOMOS-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიოში საფრთხეში მყოფი ძეგლების ჩამონათვალში საქართველოდან მოხვდა: ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, ხადას ხეობა, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. აღნიშნული ძეგლების სათანადოდ დაცვა და შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა კი სახელმწიფოს უპირობო ვალდებულებაა.

საპარლამენტო ანგარიშში ასევე მიმოხილულია ქვეყანაში ადამიანის უფლებების სწავლების საკითხი. 2020 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა საგანმანათლებლო ონლაინ კურსი პედაგოგებისთვის. სამწუხაროდ, პროგრესს ვერ მივაღწიეთ პოლიტიკის დოკუმენტების (ადამიანის უფლებათა სწავლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა) შემუშავებასა და სკოლებში პროზელიტიზმის/რელიგიური ინდოქტრინაციის შემთხვევათა პროაქტიული გამოვლენის კუთხით. ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლების ინტეგრირების დონე კვლავ არ შეესაბამება ევროპის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილ თანამედროვე სტანდარტებს.

ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით საანგარიშო პერიოდში კვლავ მაღალი იყო ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტები. 2020 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობის 1818 შემთხვევა გამოვლინდა. ამის მიუხედავად, უშუალოდ ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა მომსახურების მიზნობრივი სახელმწიფო სერვისი ამ დრომდე არ არის დანერგილი. კვლავ პრობლემურია ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, რისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების კადრების დროულ გაზრდას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 268 სოციალურ მუშაკსა და 12 ფსიქოლოგს უწევს სხვადასხვა პრობლემის მქონე ათასობით არასრულწლოვანთან მუშაობა. გამოწვევად რჩება ასევე, ბავშვთა სუიციდის პრევენცია. 2020 წელს არასრულწლოვანთა სუიციდის 14, ხოლო სუიციდის მცდელობის 54 შემთხვევა აღირიცხა. საკითხის სიმწვავის მიუხედავად, სახელმწიფოს ამ დრომდე არ შეუმუშავებია მისი აღმოფხვრის კონკრეტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

პრობლემები გამოიკვეთა დისტანციური სწავლების პროცესშიც, რაც რისკის ქვეშ აყენებს ბავშვების ნაწილის განათლების უფლებას, განსაკუთრებით რეგიონებსა და სიღარიბეში მცხოვრებ არასრულწლოვნებთან მიმართებით. კვლავ მაღალია მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიამ მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოში, 2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვიანი ოჯახების რიცხვი 71766-დან 87527-მდე, აღნიშნულ პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანი ბენეფიციარების რიცხვი კი 152353-დან 186131-მდე გაიზარდა.

სეზონურ სამუშაოებში, შინამეურნეობებსა და საზღვარგარეთ დროებითი შრომითი მიგრაციის დროს, არასრულწლოვნები არ არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. ამ პერიოდში მათ თავიანთი ასაკისა და ფიზიკური განვითარებისათვის შეუსაბამოდ მძიმე, დატვირთული გრაფიკით და არაჯანსაღ გარემოში უწევთ მუშაობა; ხშირად, ასევე არ აქვთ სათანადო საყოფაცხოვრებო პირობები. პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები.

კვლავ პრობლემად რჩება რელიგიურ სკოლა-პანსიონებში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვისა და მონიტორინგის საკითხი. საყურადღებოა ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის შემთხვევა, რომლის წარმომადგენლობა სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც უკიდურესი საფრთხის ქვეშ აყენებს პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხს და ზრდის პანსიონებში ისედაც მაღალი ხარისხით არსებული ინსტიტუციური ძალადობის რისკს.

2020 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თვალსაზრისით მისასალმებელია მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და მარეგულირებელი აქტების მიღება და ქვეყნის შიდა კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. თუმცა, არ იქნა გათვალისწინებული სახალხო დამცველის მთელი რიგი რეკომენდაციები და ჯერ არც შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განსახორციელებლად გადადგმულა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

პანდემიის პერიოდში, სარეაბილიტაციო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის უდიდეს დაბრკოლებად იქცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა. უაღრესად გართულებული იყო ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში შშმ და სსსმ მოსწავლეების ჯეროვანი ჩართვა.

ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფია ხანდაზმულები,. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში დარეგისტრირებული მოსახლეობის 25%-ზე მეტი ხანდაზმული პირია. ამ პირობებში სამწუხაროდ დღემდე არ შემუშავებულა დაბერების ახალი სამოქმედო გეგმა, ხოლო 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ნახევარზე მეტი არ შესრულებულა. არ შეცვლილა მდგომარეობა და ხანდაზმულები საკუთარი პენსიის 50%-ს კვლავ საპენსიო სესხის დასაფარად იხდიან, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების უფლებრივ მდგომარეობას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 40 ლარს, ხოლო 3 დღეში ერთხელ სამუშაო რეჟიმზე მყოფი სამხედროების ანაზღაურება 24 ლარია. სპეციალური პენიტენციურ სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება, რომლებიც სამ დღეში ერთხელ მსახურობენ, შეადგენს 52 ლარს და მათ ამ თანხით უწევთ ტრანსპორტირებისთვის, ასევე ჰიგიენური საშუალებებისა და საკვების შესაძენად საჭირო ხარჯების თავად დაფარვა. იმავე სამსახურში #17 განყოფილებაში ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ყოველთვიური ანაზღაურება მხოლოდ 5 ლარს შეადგენს, რაც წელიწადში ორჯერ სახლამდე გადაადგილებისთვისაც არ ჰყოფნით. ანგარიშში წარმოდგენილია დეტალური მსჯელობა სამხედრო მოსამსახურეთა საცხოვრებელ პირობებზე.

ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართულებით სახელმწიფოს 42 370 ოჯახი ჰყავს განსახლებული, ხოლო 40 131 ოჯახი ჯერ კიდევ განსახლების მოლოდინშია. მართალია 2020 წელს, გასული წლებისაგან განსხვავებით, ყველაზე მეტი ე.წ. ნგრევადი ობიექტი - 96 შენობა და მათში მცხოვრები 711 ოჯახი განსახლდა, გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, კვლავაც რჩება გამოწვევები. გარდა დევნილებისა, საგულისხმო იყო ეკომიგრანტთა უფლებების დაცვა. მნიშვნელოვანია ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ყურადღება გაამახვილონ ეკომიგრაციის პრევენციაზე და არა მხოლოდ შედეგების ლიკვიდაციაზე, რაც წლებია უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა. პრევენციული ღონისძიებების განსაკუთრებული მნიშვნელობა ნათლად გამოჩნდა, როგორც გასულ წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს შემთხვევის მაგალითზე, ასევე თბილისში მიმდინარე მეწყერული პროცესების ფონზეც.

სახალხო დამცველის შეფასებით, სამწუხაროდ, არც საანგარიშო წელს აღმოფხვრილა ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული გამოწვევები. დაბალია ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკური ინტეგრაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა. არასაკმარისია ეროვნულ უმცირესობათა კულტურის დაცვისა და პოპულარიზაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული აქტივობები.

რწმენისა და რელიგიის თავისუფლების თავში 2020 წლის ძირითად გამოწვევებს შორის განხილულია: არადომინანტურ რელიგიურ გაერთიანებებთან მიმართებით საგადასახადო და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონმდებლობის დისკრიმინაციული ნორმები, სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და მათი გამოძიების არაეფექტიანობა, პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებების მიმართ გამოვლენილი უთანასწორო მოპყრობის ფაქტები და საჯაროდ გაკეთებული ანტისემიტური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული განცხადებები.

უცხოელთა სამართლებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებზე, არალეგალურ, უდოკუმენტო ან არაფორმალურად დასაქმებულ მიგრანტებზე პანდემიამ განსაკუთრებით მძიმედ იმოქმედა.

სოციალურ-ეკონომიკური მხარდამჭერი პროგრამის კომპონენტი, რომელიც სახელფასო ანაზღაურების გარეშე დარჩენილ პირთა ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდა, საქართველოში შრომითი ბინადრობის მქონე უცხოელ პირებს არ ფარავდა, რამაც ისინი სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამებიდან მიგრანტების გამორიცხვა. კვლავ დაბალი იყო საერთაშორისო დაცვის მინიჭების, ასევე, მიგრანტთა ბინადრობის ნებართვის გაცემის მაჩვენებელი.

მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის საფასურის რაოდენობა 2020 წლის ბოლოსთვის უნდა განახევრებულიყო. თუმცა, სახელმწიფომ 2019 წლის ოქტომბერში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულება ვერ შეასრულა.

სახალხო დამცველი 2020 წელს ხელისუფლების მიერ ახალი კორონავირუსით მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური მხარდამჭერი პროგრამების ადრესატებს შორის, მოქალაქეობის არმქონე პირების გათვალისწინებას დადებითად აფასებს. თუმცა, პრობლემურია, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები რეალურად მოკლებულნი იყვნენ სამთავრობო ანტიკრიზისული სოციალური პაკეტის იმ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ყოველთვიურ ფულად დახმარებას გასცემდა.

2020 წელს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 5698 განცხადება შემოვიდა, აქედან დასაშვებად იქნა ცნობილი - 3859. ცხელ ხაზზე შემოვიდა 8270 ზარი. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონულმა ოფისებმა 5684 დაინტერესებულ პირს გაუწიეს სატელეფონო და პირადი კონსულტაცია; ჩაატარეს 618 შეხვედრა მოსახლეობასა და სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, სახალხო დამცველმა 2020 წელს მოამზადა და გააგზავნა 107 რეკომენდაცია/წინადადება. მათ შორის, 10 რეკომენდაცია გაიგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და 7 იუსტიციის სამინისტროში. მომზადდა 25 სპეციალური ანგარიში, გაიგზავნა 6 კონსტიტუციური სარჩელი და 6 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში. მომზადდა და გაიგზავნა 11 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მესამე მხარედ ჩაერთო 2 საქმეში.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელეს 286 ვიზიტი, მოინახულეს 1 159 დაკავებული/დაპატიმრებული პირი. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განხორციელდა 15 ვიზიტი და მოინახულეს 46 პაციენტი. ასევე, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 28 ვიზიტი განახორციელა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში, 38 ვიზიტი - 28 დროებითი მოთავსების იზოლატორში, 61 ვიზიტი პოლიციის სამმართველოებში, 6 ვიზიტი 4 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, 2 ვიზიტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის ცენტრში. 124 დისტანციური ინტერვიუ ჩატარდა საკარანტინე სივრცეებში. თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, სახალხო დამცველის აპარატმა მოინახულა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 8 სამხედრო ნაწილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 გასამხედროებული განყოფილება, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 4 დაწესებულება.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)