სახალხო დამცველის შეხვედრები ვაშინგტონში, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შეხვედრა გამართა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის მიმართულების რეგიონულ დირექტორთან სტივენ ნიქსთან, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ევრაზიის პროგრამების რეგიონულ დირექტორთან ევა ბუზასთან, ევრაზიის მიმართულების პროგრამის უფროს დირექტორთან მელისა სელინ მუსიოსთან და ორგანიზაცია Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორთან მარკ ბერენდტთან. ასევე შეხვდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს ალექსანდრე სოკოლოვსკის.
წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესებული არიან საქართველოში არსებული მედია გარემოთი, არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობით, უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებითა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით არსებული გამოწვევებით.
შეხვედრებზე განიხილეს ადამიანის უფლებათა სტრატეგიის დეტალები, ასევე, ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად რეკომენდებული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მდგომარეობა.
სახალხო დამცველმა ვაშინგტონში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა თეთრ სახლში, ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და იუსტიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებთან და სხვა სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.