სიახლეები

სახალხო დამცველის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში

2022 წლის 8 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში შეხვედრები გამართა თურქეთის მთავარ ომბუდსმენთან შერეფ მალკოჩთან და თურქეთის ომბუდსმენებთან; ასევე, შეხვდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) ადამიანის უფლებათა საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ჰაქან ჩავუშოღლუს და ქალთა და მამაკაცთა თანაბარი შესაძლებლობების კომიტეტის ხელმძღვანელს ფატმა აქსალს.

ორმხრივი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თურქეთის ომბუდსმენის ინსტიტუტსა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ორ ინსტიტუტს შორის საქმიანი ურთიერთობის გაღრმავებას და საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეთა უფლებების ეფექტურად დაცვას. ომბუდსმენის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრებზე ასევე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, ინსტიტუტების საქმიანობა, პრიორიტეტები და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საკითხები.

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა და ერთმანეთის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რაც ორივე ინსტიტუტს თავიანთი მანდატების ეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება.

პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს კომიტეტების მუშაობის სპეციფიკა და მათი ომბუდსმენთან ურთიერთობის და თანამშრომლობის საკითხები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)