სიახლეები

სახალხო დამცველის ოფიციალური ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში

2023 წლის 22-28 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის მოწვევით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფებოდა, სადაც ვეტერანთა უფლებების დაცვის გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცების მიზნით, ოფიციალური შეხვედრები გამართა.

სახალხო დამცველმა ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა პანსიონატები და სარეაბილიტაციო ცენტრები მოინახულა; ეწვია უტრეხტის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალს და იქვე განთავსებულ ეროვნული კატასტროფის ცენტრს. დაათვალიერა შენობა, გაეცნო სტაციონარის სტრუქტურულ მოწყობასა და მუშაობის თავისებურებებს; მათ შორის, ვეტერანებისთვის ომის შემდგომი სინდრომისა და სხვა გამოწვევათა დასაძლევად შემუშავებულ პროგრამებს.

ლევან იოსელიანი ჰააგაში, ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმს დაესწრო. ასევე, პატივი მიაგო კუნძულ ტექსელსა და ქალაქ ლოუსდენის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალულ, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მეომართა ხსოვნას.

ვიზიტის ბოლოს, სახალხო დამცველი დაესწრო ნიდერლანდების სამეფოს ვეტერანთა ინსტიტუტში გამართულ სიმპოზიუმს - „ვეტერანებზე ზრუნვის კონცეფციები და მათი განხორციელების გზები“. სიმპოზიუმზე საქართველოსა და ჰოლანდიას შორის დამყარებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, ქართველ ვეტერანთა წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს თანადგომაზე ისაუბრეს.

საქართველოს დელეგაციაში ასევე შედიოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი და სამსახურის სხვა თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)